საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს
სს ,,მაუდის” ყოფილ თანამშრომელთა : მანანა მახათაძისა და სხვათა წარმომადგენლის, ადვოკატ რევაზ რიჟამაძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ
გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს წარმოებაში იმყოფება სს ,,მაუდის” ყოფილ თანამშრომელთა განცხადება სს ,,მაუდის” პარტნიორისა და ინვესტორის სს ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედის” მიერ საინვესტიციო პირობების განზრახ შეუსრულებლობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო სს ,,მაუდის” ყოფილი თანამშრომლების, სახელმწიფოსა და საწარმოს დაზარალების ფაქტებზე.
დამატებით მოგახსენებთ შემდეგს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ოქტომბრის #2/12625 -ნ განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით მოპასუხე სს ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედს” მოსარჩელე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინაშე დაევალა ამ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების 3-წლიანი ვადის განმავლობაში ჯამურად ან მისი დასრულების მომენტისათვის ,,ტერიტორიაზე არანაკლებ ხუთასი პირის დასაქმება(ამასთან მოპასუხე მიმართავს გონივრულ ზომებს, რათა აღნიშნული ხუთასი პირის დაკომპლექტებისას შეძლებისდაგვარად, მათი კვალიფიკაციის გათვალისწინებით დაქირავებული იქნენ სს ,,მაუდის” ყოფილი თანამშრომლები), რომლებიც დაქირავებულები იქნებიან უშუალოდ ტერიტორიის ნებისმიერი მესაკუთრის ან ტერიტორიაზე მოქმედი (მათ შორის ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული და სხვა) ნებისმიერი პირის მიერ, რაც საქართველოს სახელმწიფოს მნიშვნელოვნად და სრულფასოვნად დაეხმარება სს ,,მაუდის ” აქციათა პრივატიზებისას მიღებული ზიანის აღმოფხვრაში”. _ ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.
აღნიშნული პირობა სს ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედმა” დათქმული 3 წლის განმავლობაში არ შეასრულა.
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის #1011 განკარგულების ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ” პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით სს ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედს” ზემოთ მითითებული ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 4 თვით.
სს ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედმა” არც ამ ვადაში შეასრულა სასამართლო განჩინებით ნაკისრი ხსენებული ვალდებულება.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 01 მარტის #501 განკარგულებით ,,საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ცალკეული იურიდიული პირების მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის განკარგულებაში ცვლილებებით დადგენილი ვალდებულებების შესრულება გადაუვადდა 6 თვით.
,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედმა” არც ამ ექვსთვიან ვადაში შეასრულა ნაკისრი ვალდებულება სს ,,მაუდის” ყოფილ თანამშრომელთა დასაქმების ირგვლივ.
აღსანიშნავია, რომ ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედი” არც მომავალში აპირებს სასამართლო განჩინებით დაკისრებული დასახელებული ვალდებულების შესრულებას, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ცალკეული მოხელეები არანაირ ზომებს აღარ იღებენ ამ მიმართულებით.
ასევე ნიშანდობლივია, რომ დასახელებული სასამართლო განჩინება, რომლითაც დამტკიცდა მორიგების პირობები, მოსარჩელე ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და მოპასუხე სს ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედს” შორის ეფუძნება სასამართლო განაჩენებს, რომელიც გამოტანილი იქნა ,,მაუდის” ხელმძღვანელის, აუდიტის, ქონების მართვის მინისტრის მოადგილისა და ამავე სამინისტროს მონიტორინგის სამმართველოს უფროსის მიმართ სს ,,მაუდის” სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის მართსაწინააღმდეგო გზითა და საშუალებებით (თაღლითობით) დაუფლების ფაქტებზე, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა სახელმწიფომ. ამის შემდეგ სწორედ აღნიშნული დელიქტური ზიანის აღმოფხვრის მიზნით, საწარმოს აქციათა პაკეტის სახელმწიფოსათვის დაბრუნების მოთხოვნით ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აღძრა სარჩელი სს ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედის” წინააღმდეგ, თუმცა საქმის განხილვის პროცესში მხარეები მორიგდნენ ზემოხსენებული პირობებით.
აქედან გამომდინარე, სს ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედს” არათუ არ შეუსრულებია სასამართლოს განჩინების დამტკიცებული მორიგების პირობები, არამედ მცდელობაც კი არ ჰქონია მისი შესრულებისა, რითაც განზრახ არ აღმოუფხვრია სახელმწიფოსათვის სისხლის სამართლის დანაშაულით მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი, ხოლო თავის მხრივ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ცალკეული წარმომადგენლები სამსახურებრივი გულგრილობით, დაუდევრობითა და თუ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით არ ახორციელებენ არანაირ მოქმედებას მორიგების პირობების იძულებითი აღსრულების წესით განხორციელების მიმართულებით: სასამართლო განჩინების შეუსრულებლობის გამო არ ამოწერილა სააღსრულებო ფურცელი და არ წარდგენია სააღსრულებო ორგანოს.
უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც სს ,,მაუდის ” ყოფილი თანამშრომლები დარწმუნდნენ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებელი პირები სამსახურებრივი უფლებამოსილების მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების გამო არანაირ ზომებს არ იღებდნენ ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედის” მიერ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე, იძულებულები გახდნენ, როგორც მესამე პირებს, თავად აღეძრათ სარჩელი სასამართლოში, რათა სს ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედისათვის” დაევალებიათ მორიგების პირობებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება მათი დასაქმების მიმართულებით. თუმცა საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაბმულმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა უარი განაცხადა დავაში მოსარჩელედ ჩართვაზე იქედან გამომდინარე, რომ სამინისტროს მოპასუხე ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედის ” მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 17 აპრილის განჩინებით ჩვენს მიერ აღძრული სასამართლო წარმოება შეწყდა( იხ. დანართი: სასამართლო განჩინება).
ყოველივე ზემოხსენებული მიუთითებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცელკეული თანამდებობის პირები სს ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედის” წარმომადგენლებთან იმყოფებიან კორუფციულ გარიგებაში და ცდილობენ ხელი შეუშალონ წარსულში ჩადენილი დანაშაულებრივი საქმიანობით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის სრულად აღმოფხვრას.
აქვე მოგახსენებთ, რომ მსგავს დანაშაულებრივ ფაქტებზე, რაზეც დაკითხვისას მოგახსენებთ, უკვე თითქმის 10 წელია ვდაობთ სასამართლოებსა და საგამოძიებო ორგანოებში. 2005-2007 წლებში ფორმალურად მისცეს კიდეც პასუხისგებაში ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლები, სს ,,მაუდის” ყოფილი ხელმძღვანელი და სხვ. პირები, თუმცა ბოროტმოქმედებმა შემდგომში ფიქტიურად დააფუძნეს ე.წ. ,,ლანერ ჰოლდინგ ლიმითედი” და ამჯერად მისი სახელით გააგრძელეს დანაშაულებრივი საქმიანობა, ხოლო დამნაშავეები მსუბუქი სასჯელებით გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ იმ სისხლის სამართლის საქმეში ოფიციალურად დაზარალებულები ვიყავით, სასამართლო განაჩენში არც კი მოგვიხსენიეს იმისათვის, რომ შემდგომ ზიანის ანაზღაურება არ მოგვეთხოვა. მეორეს მხრივ, მრავალწლიანი იძულებითი, ყალბი დოკუმენტაციის გათეთრების გზით მოცდენის გამო, 2004 წელს სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, თუმცა მოგვიანებით უზნაესმა სასამართლომ გაუგონარი უსამართლობით და კანონის დანაშაულებრივი განმარტების საშუალებით გააუქმა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაგვტოვა.
ამიტომ, გთხოვთ, ჩატაროთ პირად კონტროლზე აიყვანოთ ჩვენი განცხადების განხილვა, საგამოძიებო მოქმედებები ამ განცხადებაში დასახელებული ფაქტების შემოწმების, პასუხისგებაში მისაცემი პირების გამოვლენისა და ბრალდების მიმართულებით.
პატივისცემით,
რევაზ რიჟამაძე
ადვოკატი
0 კომენტარი:
Post a Comment