ადვოკატმა რევაზ რიჟამაძემ სასამართლო სისტემაში არსებული ტრადიციებზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე და პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, სასამართლო სისტემაში არსებული ბიუროკრატიული ტრადიციები და საკანონმდებლო ხარვეზები ადვოკატებს რიგ დაბრკოლებებს უქმნის მოვალეობის შესრულებაში.
“საადვოკატო საქმიანობაში ხშირად წარმოჩნდება საკითხი და გარკვეული პრობლემები, რომლებიც ქმნიან ბარიერებს მართლმსაჯულებაში. ეს ბარიერები წარმოქმნილია, როგორც დანერგილი მავნე პრაქტიკიდან, ისე საკანონმდებლო საქმიანობიდან გამომდინარე. ხელოვნურად შექმნილი პრობლემები ადვოკატებს არ აძლევს საშუალებას სრულად გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. ყურადღებას გავამახვილებ სასამართლო განხილვის პროცესში ადვოკატზე ზემოქმედების სხვადასხვა ფორმებზე, რაც გამოიხატება ადვოკატის მიმართ იმ არასამართლიან და არათანაბარ შეზღუდვებზე, რაც არ ხდება პროკურატურის მიმართ. მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ დროის არსწორი გადანაწილება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მხარეებისთვის გარკვეული დროის ჩარჩოების დაწესება, თავისთავად ამ ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე, ანუ სხდომის თავმჯდომარე და ძალიან ხშირად ეს ფარგლები არ არის ადეკვატური კონკრეტული საქმიდან გამომდინარე. ასეთი ფარგლების არსებობა ხელს უშლის ადვოკატის საქმიანობას. ასევე სერიოზული პრობლემები იქმნება მოწმეთა დაკითხვის სტადიაზეც. მოსამართლე ხშირად არასამართლიანად ახდენს იმ შეკითხვების მოხსნას, რომელიც ადვოკატის მოსაზრებით საქმისთვის მნიშვნელოვანია. შეკითხვები იხსნება იმ მოტივით, რომ თითქოსდა იგი არ ემსახურება საქმის ინტერესებს. სინამდვილეში ადვოკატი შემოვლითი გზით ცდილობს მოწმის დაკითხვას, რათა არ მისცეს მას წინასწარ მომზადებული ცრუ პასუხის გაცემის საშუალება.
სასამართლოების მხრიდან არასწორად გაიგება შინაგანი რწმენის ინსტიტუტი. ისინი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს აფუძნებენ არა მტკიცებულებებით ერთობლიობის ანალიზიდან ბუნებრივად წარმოშობილ შინაგან შთაბეჭდილებებზე (რწმენაზე), არამედ მხოლოდ იმ მიმართულებაზე, რაც მათთვის მისაღები და “სტანდარტულია” და არ შექმნის განსჯა-კრიტიკის წინაპირობებს ზემდგომ ინსტანციაში. ასევე ყურადსაღებია საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმპციის ხელოვნური გაგება, რაც ჩამოუყალიბდათ სასამართლო სისტემაში. პრინციპი, რომ საქმეში წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ ფაქტიურად არ მუშაობს. უცნაურია, რომ ბრალდების ეჭვი ყოველთვის საბუთდება, ხოლო დაცვის ეჭვი ბრალდების უსაფუძვლობაზე არათუ არ საბუთდება მტკიცებულებებით და არ იცნობა ჭეშმარიტად, არამედ ეჭვადაც ვერ ინარჩუნებს არსებობას. სტატისტიკურად, როგორც მინიმუმ დღეს არ არსებობს საგამოძიებო ორგანო, რომელიც უხარვეზოდ მუშაობს. თითოეულ სისხლის სამართლის საქმეში არის არსებითი შეცდომები, წინააღმდეგობები, რაც მართლზომიერად ქმნის ბრალდებაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ამას ხშირ შემთხვევაში ერთვის საქმეების შეგნებულად გაყალბების ნიშნებიც თუმცა სასამართლო ასეთ ხარვეზებზე ყურადღებას არ ამახვილებს და უპირატესად ბრალდების ადვოკატად გამოდის პროცესებზე, იმის გათვალისწინებით, რომ პროკურორების უმეტესი ნაწილი გამოუცდელი ან არაპროფესიონალია, ჭიდილი მიმდინარეობს ადვოკატსა და მოსამართლეს შორის. მოსამართლეს უწევს პროკურორის დაცვა, რაც უმეტეს შემთხვევაში კურიოზულ სახეს იღებს. რაოდენ აშკარა დარღვევაც არ უნდა გამოვლინდეს სისხლის სამართლის საქმეში, ან გამომძიებლის თუ პროკურორის მოქმედებებში, მოსამართლე მთელი თვისი შესაძლებლობით გადაეფარება მათ და ადვოკატს უმტკიცებს, რომ ცუდი არაფერი არ მომხდარა. მთელი სასამართლო განხილვა მოსამართლე და პროკურორის ასეთი შეთანხმებული ტანდემი მიმართულია მხოლოდ იქითკენ, რომ როგორმე ადვოკატისთვის შენიშვნებისა და პროტესტების გამოთქმით შეუქმნან მუშაობისთვის არახელსაყრელი პირობები. გააწყვეტინონ სიტყვა, შეზღუდონ დროში, (სრულყოფილად არ გამოიკვლიონ მტკიცებულებები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ცინიკურ ფორმებშიც გადადის და ყოველივე ამაზე თუ კი ადვოკატმა პროტესტი გამოთქვა და შენიშვნის განცხადებები გააკეთა, მოსამართლე ისე ღიზიანდება, რომ ხშირ შემთხვევაში სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც კი გადადის. ამ ვითარებაში ადვოკატმა რომ თავისი კანონიერი უფლებამოსილება სრულად გამოიყენოს, სასამართლო განხილვა ფაქტიურად ჩაიშლება და ამას ისევ ადვოკატს დააბრალებენ.
ჩვენ არ ვართ ჟურნალისტები. მოწმისათვის შეკითხვა უნდა იყოს დასმული არა შეკითხვის, არამედ დაკითხვის სტილში. შეკითხვის ფორმას ინდივიდუალურად არჩევს როგორც მოსამართლე, ასევე ადვოკატი და პროკურორი. მაგრამ ადვოკატს არ ეძლევა უფლება შეკითხვის არაპირდაპირი ფორმულირებით დასმისა, რაც უფრო ამარტივებს საქმეს. მოსამართლე იმავეს არ აკეთებს პოკურორთან მიმართებაში, რაც აშკარა დისკრიმინაციაა ადვოკატის მიმართ.
ეს და მსგავსი საკანონმდებლო ხარვეზები ადვოკატებს უქმნის ბარიერს, რომ საკუთარი მეთოდიკით მოახდინოს საქმის წარმართვა.” -აცხადებს რევაზ რიჟამაძე.
ბატონმა რევაზმა ასევე ისაუბრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე. მისი თქმით, კანონი იძლევა იმის უფლებას, რომ ადვოკატი დაუბრკოლებლად შეხვდეს საკუთარი დაცვეს ქვეშ მყოფს, მაგრამ რიგი ბიუროკრატიული პროცედურების გამო ადვოკატები საათობით იცდიან ციხეებში შესასვლელად. ამას ემატება ისიც, რომ შეხვედრის ოთახებით სარგებლობენ საპატრიარქოს წარმომადგენლებიც. რის გამოც ხშირად ადვოკატებს ხანგრძლივი ლოდინი უწევთ პატიმრებთან შესახვედრად. რიგ დაწესებულებებში შეზღუდულია წიგნების და საწერი ფურცლების შეტანაც კი, ადვოკატებს ჩხრეკენ. მსგავსი კანონები კი მხოლოდ ადვოკატებთან მიმართებაში მოქმედებს და არა ბრალდების მხარის მიმართ (გამომძიებელი, პროკურორი). რევაზ რიჟამაძის აზრით აუცილებელია სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიდოს მუხლი, რომელიც დასჯადად გამოაცხადებს საადვოკატო საქმიანობისათვიის უკანონოდ ხელის შეშლას. მისი თქმით ეს ადვოკატების ბევრ პრობლემას მოაგვარებს.
ინტერვიუ მოამზადა ნინი ოქროპირიძემ
1 კომენტარი:
რელიგიის უარყოფა ადამიანურობის უარყოფაა, შეუძლებლის შესაძლებლად გადაქცევის მცდელობაა, რაც ყოველთვის მარცხით მთავრდება. იმდენად, რამდენადაც სამყაროს ნებისმიერ გამოწვევას ადამიანმა შეუძლებელია გასცეს სრული პასუხი, რამდენადაც ადამიანი ადამიანისათვის ზოგჯერ და თითქმის ყოველთვისაც ბუნებრივი კონკურენტია, შესაბამისად თითოეული ადამიანი მარტოა ადამიანებისგან და მისი მეოხი მხოლოდ იდეალური გამგები, აზრი, ძალა და იდეა, ღმერთი შეიძლება იყოს. ამდენად რელიგია კულტურის ფენომენია და იგი შეუძლებელია შეიცნოს ადამიანმა, ვისაც ადამიანური ცხოვრება, ინდივიდუალიზმი არ განუცდია, ვისი პიროვნული თავისუფლება ერთი სოციალური ჯგუფიდან სხვა სოციალურ ჯგუფში გადასვლით განისაზღვრება. სოციალური აზროვნება მასობრივ შეგნებას აყალიბებს, რაც შორსაა ინდივიდის ფორმირებისგან. რელიგია ინდივიდის, ანუ ადამიანის კულტურაა, რელიგია არაა ჯგუფის, სოციალური ერთობის მეკავშირე. რევაზ რიჟამაძე
Post a Comment