მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება

Tuesday, October 19, 2010

სამისდღეშიო ხელშეკრულების მოშლა

ნელი კორახაშვილმა ვალდებულება იკისრა, რომ ერჩინა სერიკო გორაშვილი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სარჩო შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც ფულადი, ასევე ნატურალური სახით. მარჩენალმა ვალდებულება იკისრა, რომ უზრუნველეყო სარჩენი სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, მოვლითა და ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელი იყო ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის.
ხელშეკრულებით სარჩოს გადახდის სპეციალური ვადები დადგენილი არ ყოფილა და რჩენას უნდა ჰქონოდა ყოველდღიური (უწყვეტი) ხასიათი. ამასთანავე, მარჩენალი ვალდებული იყო, რომ სარჩენის გარდაცვალების შემდეგ, უზრუნველეყო სარჩენისათვის იმ პატივის მიგება, რაც მიღებულია ტრადიციის შესაბამისად. რჩენის სანაცვლოდ, ს. გორაშვილმა ნ. კორახაშვილს საკუთრებაში გადასცა ბინა, მდებარე ქ. რუსთავში. ნ. კორახაშვილი იმ მოტივით, რომ ცხოვრობდა უკრაინაში, დაარღვია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობები, არ აკითხავდა მას ყოველდღიურად, მის მიერ სარჩენთან შეუთანხმებლად მიჩენილი პირები თვეში ერთხელ რამდენიმე დღით ჩადიოდნენ, ან რამდენიმე თვე საერთოდ არ ჩადიოდნენ, საკვებს არ აწვდიდნენ, წლიდან წლამდე გადასცემდა უმნიშვნელო ოდენობის თანხას(პირველი წლის ზაფხულს _ 100 აშშ დოლარი, მეორედ _ ასევე 100 აშშ დოლარი, მესამედ _ 100 ლარი), არ ზრუნავდა მასზე ავადმყოფობის დროს, და თუ გაყვებოდნენ ექიმთან ექიმის ანაზღაურებისა და ტრანსპორტირების ფულს სარჩენი იხდიდა, არ ყიდულობდა წამლებს, არ იღებდა ზომებს მისი მკურნალობისათვის. განსაკუთრებით 2009 წლის გაზაფხულზე მძიმე ვადმყოფობის დროს საწოლზე მყოფი სარჩენი მიატივეს მარჩენალის მიერ გამოყოფილმა პირებმა, ხოლო უშუალოდ მარჩენალი სართოდ არ მისულა მასთან, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა. ამიტომ ს. გორაშვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა.
დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ ნ. კორახაშვილმა დაარღვია რა ზემოაღნიშნული გარიგების მე-2 მუხლის პირობები, იგი თავს არიდებდა სარჩენის ს. გორაშვილის უზრუნველყოფას სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, მოვლით და ყველა საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის. აღნიშნული დასტურდება როგორც ს. გორაშვილის განმარტებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით.
სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ს. გორაშვილს აღარ სურდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაგრძელება. აღნიშნული დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული თვით ნ. კორახაშვილის განმარტებითაც, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ს. გორაშვილი ტელეფონზეც აღარ ელაპარაკებოდა, არ სურდა მასთან საუბარი, მისი დახმარების მიღება. ამასთან, მარჩენალმა ვერ დაადასტურა, რომ ის სისტემატურად ზრუნავდა და არჩენდა ს. გორაშვილს.
არ უნდა იქნეს გაზიარებული ნ. კორახაშვილის განმარტება, თითქოს მან გადაწყვიტა მომვლელი დაექირავებინა სარჩენისათვის, ვინაიდან მას ამ მიმართულებით არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია(არ შეურჩევია მომვლელი პირი, არ წარუდგენია იგი სარჩენისათვის). მან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა. ( იხ. უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკა, გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა # ას-1246-1373-04 25 მარტი, 2005 წ.,ქ.თბილისი,საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, შემადგენლობა: მ. ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), თ. თოდრია, ლ. გოჩელაშვილი).
სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილ ფაქტორივ გარემოებებზე და თვით ნ. კორახაშვილის განმარტებებითაც დადასტურებულად უნდა იქნას მიჩნეული, რომ წლების მანძილზე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ამ უკანასკნელის მიერ სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად არაჯანსაღი, დაძაბული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც შეუძლებელს ხდის მხარეთა შორის სამიდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაგრძელებას. (იხ. განჩინება #ას-486-812-05 19 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე), მ. ახალაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-947-ე მუხლების თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. სარჩოს გადახდის ვადები დგინდება მისი ხასიათიდან და მიზნებიდან გამომდინარე, მხარეთა შეთანხმებით. ნატურალური სარჩოს გადახდის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ნატურალური სარჩოს შეცვლა ფულით.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მხარეებს შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ყველა პირობა უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ხელშეკრულების ფორმაში. მათ შორის რჩენის სახისა და ხასიათის, ნატურალური და ფულადი სარჩოს პერიოდული ოდენობების მითითებით. სამოქალაქო კოდექსის 942-ე მუხლი ითვალისწინებს კანონის იმპერატიულ მოთხოვნას სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ფორმასთან დაკავშირებით. სახელდობრ, ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხოლოდ და მხოლოდ წერილობითი ფორმით ანუ კანონი არ უშვებს სამისდღეშიო ხელშეკრულების დადებას ზეპირი ფორმით. კანონის ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იმ სპეციფიკიდან, რომელიც ახასიათებს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხელშეკრულება ატარებს განგრძობად ხასიათს, ანუ მარჩენალს სარჩენის ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოეშობა გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ და, შესაბამისად, დავის შემთხვევაში კანონი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებს. სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიმართ მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიერ დადგენილი მტკიცებულებათა დასაშვებობის პრინციპი, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებები, რომლოებიც შეიძლება დადგენილი იქნეს ერთი სახის მტკიცებულებით, არ შეიძლება დადგენილი იქნეს სხვა სახის მტკიცებულებით. ე.ი. თუ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება დაიდება ზეპირად, საკმარისი არ იქნება დავის შემთხვევაში მისი დადების დასადასტურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენება(იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე. ტომი მეორე, გვ. 315-316).

აქედან გამომდინარე, თუკი მარჩენალ ნ. კორახაშვილს ხელშეკრულების დადებისას გამიზნული ჰქონდა, რომ უშუალოდ არ ეკისრა ს. გორაშვილის მოვლა-პატრონობა და რჩენა, ამის თაობაზე მას უნდა განეცხადებია ცხადად და საკუთარი ნება დაეფიქსირებია წერილობით იმავე ხელშეკრულებაში. ასევე, თუკი მარჩენალი ფიქრობდა, რომ სარჩენის მოვლა-პატრონობას არ უნდა მისცემოდა განგრძობადი და ყოველდღიური ხასიათი, მაშინ სარჩენთან უნდა შეთანხმებულიყო კონკრეტულ ფულად თანხაზე, რაც საკმარისი იქნებოდა დროის განსაზღვრული პერიოდისათვის. ამ ვითარებაში ხელშეკრულების მიხედვით სარჩო უპირატესად განსაზღვრულია ნატურალური სახით, რაზეც მისი ყოველდღიური მიწოდების მითითებაც ადასტურებს. საქმეში უდავოდ დგინდება ის ფაქტი(ორივე მხარე აღიარებს), რომ რჩენას არ ჰქონია ყოველდღიური ხასიათი, ფულადი თანხები, რასაც აწვდიდნენ სარჩენს არ იყო საკმარისი მისი უმეთვალყურეოდ დატოვების პერიოდისათვის. მოპასუხე ვერ ამტკიცებს, რომ მას სოფლიდან ჩამოჰქონდა სარჩენისათვის აუცილებელი კვების პროდუქტები, რომ უშუალოდ სწევდა სარჩენის მკურნალობის ხარჯებს, რა ხარჯი გაწია ბინის კოსმეტიკური რემონტისათვის და იგი განახორციელა თუ არა სარჩენის ინტერესებისათვის. ბინაში ახალი კარის ჩაყენებასთან დაკავშირებით მოპასუხე აცხადებს, რომ საამისოდ 550 ლარი ვისესხე ს. გორაშვილისაგან, თუმცა ვერ წარმოადგინა სესხისა და მისი შესრულების წერილობითი ხელშეკრულება. ხოლო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ამ მხარის ახსნა-განმარტებით სესხის ზეპირი ხელშეკრულების დადების მტკიცება სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია.
საქმეში არსებულ გარემოებათა შეფასებიდან ასევე ირკვევა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა მარჩენალის მხრიდან მეორე სარჩენის, მოსარჩელის დის ნუნუ გორაშვილის გარდაცვალების დროიდან. რაც გამოიხატა იმაში, რომ ნ. კორახაშვილმა არ შეასრულა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული მოვალეობა, სათანადო პატივი არ მიაგო სარჩენის ხსოვნას, არ იზრუნა სასაფლაოს მოწყობაზე, ქელეხისა და სხვა ტრადიციული ჩვეულების სრულად უზრუნველყოფაზე. Uუფრო მეტიც, როგორც თავად მარჩენალმა ნელი კორახაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღიარა, მან არც კი იცის სად არის დასაფლავებული მისი რჩენის ქვეშ მყოფი ნუნუ გორაშვილი, იგი არ დასწრებია მის გასვენებას, ორმოცს და ა.შ. ამასთან, საფლავის ქვაშიც კი ფულადი თანხა გადაახდევინა მეორე სარჩენს სერიკო გორაშვილს იმ საამქროში, რომლის ერთ-ერთი მეპატრონეს, როგორც თავადვე განაცხადა სხდომაზე, იგი წარმოადგენს, ნაცვლად იმისა, რომ აწ გარდაცვლილის საფლავის მოწყობისათვის ყველანაირი სამუშაო და ხარჯები მას გაეწია.

საყურადღებოა რჩენის და მოვლა-პატრონობის შინაარსიც, რასაც რეალურად შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი. ს. გორაშვილისათვის ფაქტობრივად მიჩენილი მომვლელები: მარჩენალი დედამთილი აგრაფინა ჩალახეშაშვილი ხელშეკრულების დადების დროისათვის იყო 78 წლის, ანუ სარჩენისაგან მხოლოდ 5 წლით უმცროსი. იგი დღეისათვის არის 82 წლის. ხოლო მარჩენალის დედა _ 67 წლის, ამჟამად 71 წლისაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელი ოზაანია, ისინი მათივე ასაკის გამო ვერც კი შეძლებდნენ ქ. რუსთავში მცხოვრები სარჩენის ყოველდღიურ და სათანადო მოვლა-პატრონობას, რაც ასეც მოხდა. მათი მხრიდან სისტემატურად (და არაეპიზოდურად) ჰქონდა ადგილი სარჩენის უფლებების დარღვევას; კერძოდ, მხოლოდ დროგამოშვებით მეთვალყურეობას, მძიმე ავადმყოფის უმეთვალყურეოდ დატოვებას, სამკურნალო ხარჯების დაუფარაობას, სარჩენის არასათანადო კვებას, სარჩენისადმი ღირსების შემლახველი მოპყრობას. ყოველივე აღნიშნულის გამო მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა. ასევე გამოიკვეთა სხვა არსებითი მიზეზები, რაც უკიდურესად აძნელებს და ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაგრძელებას(სკ-ის 948-ე მუხლი). კერძოდ, მარჩენალისათვის მიჩენილი მომვლელები ასაკის მომატებასთან დაკავშირებით ვეღარ ახერხებენ სარჩენის მოვლა-პატრონობას, მარჩენალი უარს აცხადებს სარჩენის უშუალოდ რჩენაზე, ხოლო სარჩენი წინააღმდეგია მისი მოვლა-პატრონობა მარჩენალის მიერ დაქირავებულმა მომვლელმა გასწიოს. ანუ ფაქტობრივი რეალობაც მიუთითებს, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება მომავალშიც შეუძლებელია. ხოლო ყოველი ახალი პირობა, რაც მარჩენალის მხრიდან იქნება დაყენებული, წერილობით უნდა შეთანხმდეს სარჩენთან. მხარეები კი დამატებით რაიმე პირობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ მოწმე აგრაფინა ჩალახეშაშვილი და სერიკო გორაშვილი მამიდაშვილ-ბიძაშვილები არიან(იხ. მოწმე ა. ჩალახეშაშვილის ჩვენება). ამიტომ მათ შორის ნათესაური ურთიერთობაც იყო. ნათესაური ურთიერთობის ნიადაგზე სერიკო გორაშვილი ხელშეკრულების გაფორმებამდეც ჩადიოდა სოფელ ოზაანში, რა დროსაც მას ურთიერთობა ჰქონდა მეზობლებთანაც. თუმცა სარჩენის სოფელ ოზაანში ყოფნის ფაქტი, კონკრეტული დროისა და ჩასვლის მიზეზის მიუთითებლად არ შეიძლება უპირობოდ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობების შესრულებად ჩაითვალოს.

მოსარჩელემ მარჩენალს მისი მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ აცნობა 2009 წლის იანვრის თვეში, რაზეც მარჩენალმა მას მომვლელის დაქირავება შესთავაზა. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რაც თავისთავად მიუთითებს სარჩენის ნებაზე ნელი კორახაშვილს ხელშეკრულების შესაბამისად უშუალოდ გაეწია მისი მოვლა-პატრონობა. მარჩენალი ამის წინააღმდეგი იყო მაშინაც და არის დღესაც. ანუ სარჩენმა 2009 წლის იანვრის თვეში მარჩენალს განუცხადა პრეტენზია ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით და მისცა გონოვრული შესაძლებლობა და ვადა გამოესწორების შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია. თუმცა მარჩენალის მხრიდან რაიმე ზომა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამოსწორების მიზნით მიღებული არ ყოფილა, რის შედეგადაც 2009 წლის ზაფხულში სარჩენმა უკვე მარჩენალს დაუყენა ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა, რის შემდეგაც, შეუთანხმებლობის გამო, იმავე მოთხოვნით 2009 წლის 03 აგვისტოს სარჩელიც წარადგინა სასამართლოში. ამით მოსარჩელე მხარის მიერ სრულად იქნა დაცული სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მოთხოვნები.
რაც შეეხება სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ ,, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი ასევე ვერ გახდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ყოველგცვარი მიზეზის გამო აღარ სურს ნელი კორახაშვილთან ურთიერთობა, ასე რომ იყოს, სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების არსებობა დაკარგავდა აზრს და სარჩენის ნებისმიერი პრეტენზიის წარმოდგენისას უნდა შეწყდეს, რაც არ არის მართლზომიერი და მარჩენალი ყოველთვის დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება, აღნიშნული კი ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის პრინციპებს,” ასეთი დასკვნა არ გამომდინარეობს დავის შინაარსიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ დღეის მდგომარეობით, ანუ 2009 წლის მარტის თვიდან 2010 წლის მაისამდე, ანუ 13 თვის განმავლობაში მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები აღარ მიმდინარეობს, სარჩენი ამ ხნის მანძილზე უმეთვალყურეოდ არის დარჩენილი, შესაბამისად ასეთი ვითარება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი დროით, იმ პირობებში, როცა მარჩენალი უარს აცხადებს სარჩენის უშუალოდ, პირადად მოვლაზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესს იმის შესახებ, რომ უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგისა, კანონი სხვა შემთხვევებზე არ მიუთითებს.
სააპელაციო პალატის ყურადღებას განსაკუთრებით მივაპყრობთ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომ არ გაურკვევია მხარეებს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შესრულების კონკრეტული გარემოებები. კერძოდ, ხელშეკრულების დადებიდან დღემდე:

1. მარჩენალი უზრუნველყოფდა თუ არა სარჩენს სრულფასოვანი კვებით. რა შედიოდა სარჩენის კვების ყოველდღიურ რაციონში და იგი შეესაბამებოდა თუ არა საარსებო მინიმუმის ფარგლებს მაინც;
2. მარჩენალი უზრუნველყოფდა თუ არა სარჩენს სრულფასოვანი მკურნალობით, რა შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილ მკურნალობად;
3. მარჩენალი უზრუნველყოფდა თუ არა სარჩენს სრულფასოვანი საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით;
4. მარჩენალი უზრუნველყოფდა თუ არა სარჩენს სრულფასოვანი მოვლით. შეიძლება თუ არა არაყოველდღიური, სანახევრო დროითი მოვლა ჩაითვალის სრულფასოვან მოვლად.
5. მარჩენალი უზრუნველყოფდა თუ არა სარჩენს ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის(ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა და სხვ.).


ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტში უდავო ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის მოპასუხე დროებით იმყოფებოდა საქართველოში, იგი ცხოვრობდა უკრაინაში და აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო სარჩენებისათვის. ასეთი დასკვნა არ ემსახურება დავის საგნის შინაარსის დადგენას, რადგან მართალია ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისათვის მოპასუხე ნ. კორახაშვილის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი იყო უკრაინა, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისათვის, მაგრამ ეს თავისთავად არ გულისხმობს, რომ სარჩენის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მარჩენალი არ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და მხარეები შეთანხმებული იყვნენ იმაზე, მის მოპასუხის ნაცვლად მას სიცოცხლის ბოლომდე უპატრონებდნენ მხოლოდ მისი დედა და დედამთილი. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ უახლოეს ხანს, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ კვირაში, ნელი კორახაშვილი გადმოდიოდა საქართველოში და მას უშუალოდ უნდა გაეწია სერიკო და ნუნუ გორაშვილებისათვის მეთვალყურეობა. ამასთან ის აღარ უნდა დაბრუნებულიყო უკრაინაში და დარჩენილიყო საქართველოში და კონკრეტულად, სარჩენებთან.
გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ ნელი კორახაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებით დარღვევას.

კერძოდ, სასამართლო მიუთითებს მოწმე თამარ ჭუჭულაშვილის ჩვენებაზე. რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ სერიკო გორაშვილი ხშირად იმყოფებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ოზაანში, სადაც უვლიდნენ მოპასუხის დედამთილი და დედა. მოსარჩელე ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფელში ჩადიოდა როგორც ზაფხულობით, ისე ზამთარში და რჩებოდა 1 თვე მაინც. მოსარჩელემ 2008 წლის ზაფხული გაატარა სოფელში, მოპასუხის დედამთილის სახლში და რთველშიც დარჩა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მოპასუხის დედამთილმა და დედამ მოსარჩელე რამოდენიმეჯერ წაიყვანეს ექიმთან თანასოფლელის მანქანით. სოფელში ყოფნის დროს მოსარჩელეს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია მასპინძლების მიმართ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მოპასუხის დედამთილი _ აგრაფინა ჩალახეშაშვილი ხშირად ჩადიოდა ქ. რუსთავში სერიკო გორაშვილის მოსავლელად. 2008 წლის გაზაფხულზე, დაახლოებით 1 თვე იყო რუსთავში, რადგან მოსარჩელე ავადმყოფობდა, შემდეგ დაბრუნდა სოფელში, წაიღო ფული მოსარჩელის ექიმთან წასაყვანად.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2009 წლის იანვარში, პატარა გაუგებრობა მოხდა აგრაფინა ჩალახეშაშვილთან და ჟულიეტა კორახაშვილთან და ამიტომ მოსარჩელე განაწყენებული დაბრუნდა რუსთავში.
სასამართლო გადაწყვეტილებაში აღწერილი მოწმე თ. ჭუჭულაშვილის ჩვენება არ შეესაბამება ამავე მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების შინაარსს.

კერძოდ:

,,
მოსამართლის შეკითხვაზე მოწმე თამარ ჭუჭულაშვილი პასუხობს:

_ ქალბატონი სერიკო რამდენად ხშირად იყო სოფელში?
ხშირად იყო, ივლისში ჩამოვიდა და დარჩა სექტემბრის ბოლომდე, 2008 წელს ჩამოვიდა რთველის პერიოდი იქნებოდა."

უფრო ზევით მოსამართლის იგივე შეკითხვაზე მოწმე პასუხობს:

,,ხშირად იყო სოფელში, ზამთარშიც იყო, ჩამოდიოდა 1-2 თვე, 2 კვირა.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ნინო ლომიძის შეკითხვაზე მოწმე თამარ ჭუჭულაშვილი პასუხობს:

ზაფხულის შემდეგ სერიკო გორაშვილი როდის იყო სოფელში ჩამოსული?
_ 2009 წელში იყო ახალწლების შემდეგ ჩამოვიდა თვეების მიხედვით ზუსტად არ მახსოვს, 2008 წლის ზაფხულში დიდხანს დარჩა, მერე წავიდა ერთი კვირით გადასახადებს გადავიხდიო და ისევ ჩამოვიდა.

2009 წელს რამდენ ხანს იყო??

2009 წელსაც იყო დაბადების დღე გადაუხადეს, 2 კვირა იყო, იანვრის მერე წავიდა, რაღაც ეწყინა. მერე ავად გახდა ქალბატონი სერიკო და რაისა ჩამოვიდა რუსთავში.(იხ. 2010 წლის 16 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, გვ.12-13).

მოწმე თ. ჭუჭულაშვილის აღნიშნული ჩვენებიდან და სხდომის ოქმში მისი ჩვენების სხვა ნაწილებიდან ირკვევა, რომ მოწმე თ. ჭუჭულაშვილს მისი დაკითხვისას არ განუმარტავს, რომ ,, ... მოპასუხის დედამთილმა და დედამ მოსარჩელე რამოდენიმეჯერ წაიყვანეს ექიმთან თანასოფლელის მანქანით. სოფელში ყოფნის დროს მოსარჩელეს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია მასპინძლების მიმართ. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მოპასუხის დედამთილი _ აგრაფინა ჩალახეშაშვილი ხშირად ჩადიოდა ქ. რუსთავში სერიკო გორაშვილის მოსავლელად. 2008 წლის გაზაფხულზე, დაახლოებით 1 თვე იყო რუსთავში, რადგან მოსარჩელე ავადმყოფობდა, შემდეგ დაბრუნდა სოფელში, წაიღო ფული მოსარჩელის ექიმთან წასაყვანად.” პირიქით, მოსამართლის შეკითხვაზე, თუ ქალბატონი სერიკო რამდენად ხშირად ჩამოდიოდა ქალბატონ რაისასთან სოფელში, მოწმე თ. ჭუჭულაშვილი პასუხობს: ,,უფრო ხშირად ქალბატონი სერიკო იყო ხოლმე სოფელში რაისასთან და რაისა როგორ ჩამოვიდოდა ამასთან ხშირად. ” ( იგივე სხდომის ოქმი, გვ.12).
ხოლო ს. გორაშვილის ექიმებთან რამდენიმეჯერ წაყვანის ფაქტი მოქმე თ. ჭუჭულაშვილს საერთოდ არ დაუსახელებია. ასევე მოწმეს არ უთქვამს, რომ ა. ჩალახეშაშვილი 2008 წლის გაზაფხულზე, დაახლოებით 1 თვე იყო რუსთავში, რადგან მოსარჩელე ავადმყოფობდა, შემდეგ დაბრუნდა სოფელში, წაიღო ფული მოსარჩელის ექიმთან წასაყვანად. მოწმე მხოლოდ აცხადებს, რომ ,,რაისა ხშირად ჩამოდიოდა რუსთავში, ახალწლების შემდეგ რაისა ჩამოვიდა რუსთავიდან ფულისათვის ფული წაიღო და წავიდა(აქ და სხვა ადგილებში ციტირებისას სტილი დაცულია, რ.რ.). ანუ მოწმე არ უთითებს, რომ ა. ჩალახეშაშვილმა სოფლიდან ფული წაიღო, რათა მოსარჩელე ექიმთან წაეყვანა.

ასევე ბუნდოვანია მოწმის განმარტება იმის თაობაზე, რომ ს. გორაშვილი ხშირად ჩამოდიოდა სოფელში. ის ვერ ასაბუთებს თუ რას გულისხმობს ხშირად ჩამოსვლაში. მისი ჩვენებით კი ირკვევა, რომ ს. გორაშვილი 2006 წლის 13 ივლისიდან(ანუ ხელშეკრულების გაფორმების დროიდან) მხოლოდ 2008 წლის ზაფხულში ჩავიდა სოფელ ოზაანში და დარჩა სექტემბრის ბოლომდე. შემდეგ დაბრუნდა რუსთავში და მეორედ ჩამოვიდა რამდენიმე ხანში და სოფელში დაჰყო 2009 წლის დასაწყისამდე. თუმცა მოწმე ამავე ჩვენებაში უთითებს, რომ ს. გორაშვილი 2009 წელსაც იყო სოფელში, 2 კვირა იყო, იანვრის მერე წავიდა რაღაც ეწყინა. აგრეთვე აღნიშნავს, რომ მას ამ წელს სოფელში დაბადების დღეც გადაუხადეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსარჩელეს დაბადების დღე 15 მარტს აქვს(იხ. სანოტარო აქტი), გამოდის, რომ 2009 წლის იანვარში მას შემდეგ, რაც სერიკო გორაშვილი ნაწყენი წავიდა სოფლიდან, ისევ ჩამოსულა სოფელში, ანუ გამოდის, რომ შერიგებია აგრაფინა ჩალახეშაშვილს, რაც ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ამ პერიოდში მოსარჩელე მძიმედ ავადმყოფობდა ქ. რუსთავში და სოფელ ოზაანში ჩასვლას ვერ მოახერხებდა. აღნიშნული ასევე არ დასტურდება სხვა მოწმეთა ჩვენებებით.
ამის შემდეგ სასამართლო გადადის მოწმე აგრაფინა ჩალახეშაშვილის ჩვენების შეფასებაზე და აცხადებს:

,, იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე აგრაფინა ჩალახეშაშვილმა. მან განმარტა, რომ სერიკო გორაშვილს ნელი კორახაშვილის დავალებით ხშირად უზრუნველყოფდა საკვებით, აძლევდა ფულსაც, მოსარჩელემ ისიც კი უთხრა, რომ ამდენ ფულს ნუ მაძლევ, ბინა ნაყიდი არ გამოვიდესო. უკანასკნელად 3 კვირით დარჩა რუსთავში, სერიკო გორაშვილის მოსავლელად, რადგან ქალბატონი იყო ავად. შემდეგ 2008 წლის იანვარში სერიკო გორაშვილი გაუნაწყენდა ნელი კორახაშვილის დედას, ჟულიეტა კორახაშვილს, რაღაც ხუმრობის გამო და დაბრუნდა რუსთავში.


სასამართლო სხდომის ოქმში კი ვკითხულობთ:

,, ნუნუ რომ დაიღუპა 1 თვე დავრჩი. მერე 2 ზამთარი სოფელში მყავდა სერიკო წაყვანილი. ორჯერ ექიმი მოვუყვანე, წნორში წამოვიყვანეთ ექიმთან გული ვერ მაქვს კარგადო, მერე ამ ზაფხულს აქ ვიყავი ჩამოსული 500-600 ლარი დავხარჯე. თითი სტკიოდა თბილისში წავიყვანეთ. მერე მითხრა ერთი სავარძელი ვერ მიყიდეო, 160 ლარი მივეცი სავარძელში. როცა ჩამოვდიოდი ჩამომქონდა ღვინო, არაყი, სერიკო ყიდდა კიდეც ჩემს ჩამოტანილ არაყს და ღვინოს.

მოსამართლის შეკითხვაზე მოწმე აგრაფინა ჩალახეშაშვილი პასუხობს:

– ქალბატონ სერიკოსთვის რამდენი გაქვთ თანხა მიცემული დაახლოებით თუ გახსოვთ?
_ 1000 დოლარი მაინც მექნება მიცემული.

მოსამართლის შეკითხვაზე მოწმე აგრაფინა ჩალახეშაშვილი პასუხობს:

თქვენ ამბობთ, რომ ძალიან ხშირად ჩამოდიოდით, რას ეძახით ძალიან ხშირად?

_ თვეში ერთხელ ჩამოვდიოდი, ამ ზაფხულს სამი კვირა დავრჩი ექიმი, რომ მოვუყვანე.
_ დიახ სამ წელიწადში 1000 დოლარზე ნაკლები არ მექნება მიცემული.

მოსამართლის შეკითხვაზე მოწმე აგრაფინა ჩალახეშაშვილი პასუხობს:

_ მოვლა რაში გამოიხატებოდა?

ჩემი მძახალი ბანდა სოფელში, საჭმელს სულ მე ვაკეთებდი, აქ რომ ჩამოვდიოდი. სულ შემწვარს და მოხარშულს ვაჭმევდი. ერთხელ მთხოვა ხარჩო გამეკეთებინა და გავუკეთე.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ნინო ლომიძის შეკითხვაზე მოწმე აგრაფინა ჩალახეშაშვილი პასუხობს:
_ 2006 წელში სერიკო გორაშვილი როდის გყავდათ სოფელში??

_ 2006 წელს ნუნუც ცოცხალი იყო და ხშირად ჩამოდიოდა სოფელში. 2 ზაფხული და ორი ზამთარი იყო სოფელში ჩამოსული.
_ 2008 წელს ზაფხულში იყო კარგა ხანი, 2 თვე მაინც იყო მახსოვს.

_2008 წელს როდის ჩამოვიდა?

_ რთველში ჩამოვიდა, სექტემბერში 12 იანვარს წამოვიდა. 4 თვე იყო.

_ ხშირად ჩავდიოდი(რუსთავში), ერთი, ორი კვირა ვრჩებოდი, ხან ჩემი მძახალი ჩამოდიოდა.

_თქვენი რძალი აძლევდა ფულს სერიკო გორაშვილს?

_დიახ, ჩემი რძალი მე მიგზავნიდა დოლარებს და სერიკოს ვაძლევდი, აბა მე ფული საიდან მექნებოდა. ჩამომქონდა ღვინო და არაყი, მეზობლებსაც ვაძლევდი, სერიკო კიდეც ყიდდა.

ზემოაღნიშნულიდან ირკვევა, რომ მოწმე აგრაფინა ჩალახეშაშვილი ვერ ასახელებს, თუ კონკრეტულად რა საკვებით უზრუნველყოფდა ს. გორაშვილს, ვისი ფულადი თანხით ყიდულობდა საკვებს ქ. რუსთავში ყოფნისას. ამასთან, ის განმარტავს, რომ სოფლიდან ჩამოსვლისას სარჩენისათვის ჩამოჰქონდა პური, ღვინო და არაყი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ღვინოს და არაყს მეზობლებსაც აძლევდა, ხოლო სერიკო ყიდდა კიდეც მას. აქედან ირკვევა, რომ ა. ჩალახეშაშვილის მიერ სოფლიდან ჩამოტანილ ღვინოს და არაყს ს. გორაშვილი პირადად არ მოიხმარდა, ხოლო ადგილზე რაიმე პროდუქტის საკუთარი ფულადი თანხით ყიდვის ფაქტს მოქმე ა. ჩალახეშაშვილი არ ადასტურებს. იგი, როგორც წესი, თვეში ერთხელ ჩამოდიოდა რუსთავში ს. გურაშვილის მოსავლელად და რჩებოდა ერთი ან ორი კვირა, ხოლო ყოველი თვის დანარჩენ დღეებში ინტერესდებოდა თუ არა სარჩენის ყოფითი პირობებით, უზრუნველყოფდა თუ არა მას საკვებით ან ფულით, ამ გარემოებას მოწმე არ განმარტავს.
მოწმე ა. ჩალახეშაშვილი მოწმე თ. ჭუჭულაშვილისაგან განსხვავებით განმარტავს, რომ ს. გორაშვილი 2008 წელს სოფელ ოზაანში ჩამოვიდა არა ზაფხულში, ივლისის თვეში, არამედ რთველის დროს(ანუ შემოდგომაზე) და წამოვიდა 12 იანვარს. ასევე მოწმე ვერ ასახელებს რომელი 2 ზამთარი და 2 ზაფხული იყო ს. გორაშვილი მასთან ჩასული სოფელში. ასევე მოწმე არ ასახელებს თუ ვისი ხარჯებით მიიყვანა ექიმებთან ს. გორაშვილი. იგი ახლდა სერიკო გორაშვილს ექიმთან წასვლისას, თუ პირიქით საკუთარი ინიციატივით და ხარჯებით წაიყვანა იგი ექიმთან.

შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

,, მოწმე ჟულიეტა კორახაშვილმა სასამართლოს ასევე დაუდასტურა იგივე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ ის, რომ სერიკო გორაშვილი ხშირად იმყოფებოდა სოფელ ოზაანში, სადაც მზრუნველობას უწევდნენ ის და აგრაფინა ზანდარაშვილი. Oორივე ხშირად ჩადიოდნენ რუსთავში, აგრაფინა უფრო ხშირად ჩადიოდა და რჩებოდა. მარტის დასაწყისში 3 კვირით იყო რუსთავში, რადგან სერიკო გორაშვილი ავადმყოფობდა. ნელი კორახაშვილი უკრაინიდან რეკავდა და ეუბნებოდა, რომ ფული ჩაეტანათ და ისინიც ასრულებდნენ დავალებას. ბოლოს მოსარჩელე 2009 წლის ზამთარში იყო მათთან, შემდეგ გაუნაწყენდა უმნიშვნელო ხუმრობის გამო და დაბრუნდა რუსთავში, შემდეგ კი შეწყვიტა ურთიერთობა“.

სასამართლო სხდომის ოქმში კი მითითებულია:

,, _ ვიცი ის რომ ჩემს შვილს უთხრა, რომ მოევლო მისთვის და ბინას მისცემდა, რაზედაც ჩემმა შვილმა უთხრა, რომ ის ძირითადად იყო უკრაინაში და ხშირად ვერ ჩამოვიდოდა, ამიტომ უთხრა, რომ ყურადღებას მივაქცევდით მე და აგრაფინა.

მოსამართლის შეკითხვაზე მოწმე ჯულიეტა კორახაშვილი პასუხობს:
_ დაახლოებით რა ოდენობის თანხა ექნება ამ ხნის მანძილზე ქალბატონ აგრაფინას მიცემული სერიკოსთვის?
_ დაახლოებით 800 დოლარი მაინც ექნება მიცემული.

მოსამართლის შეკითხვაზე მოწმე ჯულიეტა კორახაშვილი პასუხობს:

ბოლოს როდის იყო სოფელში?
2009 წლის 12 იანვარს წამოვიდა ბოლოს.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ნინო ლომიძის შეკითხვაზე მოწმე ჯულიეტა კორახაშვილი პასუხობს:

2006 წელს ქალბატონი სერიკო გყავდათ სოფელში?
_ არა 2006 წელს არ გვყოლია.
2007 წელს?

_ 2007 წელს ნუნუ, რომ დაიღუპა ზამთრის პერიოდში გვყავდა.

_ კიდევ როდის იყო სოფელში?
_ 2008 წელი, რომ მთავრდებოდა და 2009 წელი იწყებოდა.

_ 2008 წელს როდის გყავდათ?

შემოდგომის პირზე წავიყვანეთ 2008 წელს და 2009 წლის 12 იანვრამდე იყო სოფელში.


აქედან გამომდინარე მოწმე განმარტავს, რომ ს. გორაშვილი სოფელ ოზაანში ჰყავდათ 2007 წლის ზამთრის პერიოდში და 2008 წლის შემოდგომიდან 2009 წლის 12 იანვრამდე.
ამდენად, მოწმე ჟ. კორახაშვილი არ ადასტურებს, რომ სერიკო გორაშვილი ხშირად იმყოფებოდა სოფელ ოზაანში, სადაც მზრუნველობას უწევდნენ ის და აგრაფინა ზანდარაშვილი(იგივე ჩალახეშაშვილი). ორივე ხშირად ჩადიოდნენ რუსთავში, აგრაფინა უფრო ხშირად ჩადიოდა და რჩებოდა. მარტის დასაწყისში 3 კვირით იყო რუსთავში, რადგან სერიკო გორაშვილი ავადმყოფობდა. პირიქით ის ამბობს, რომ ის ყოველთვე არ მიდიოდა რუსთავში სერიკოს მოსავლელად. მაგრამ აგრაფინა ყოველთვე მიდიოდა, ხან ორი კვირა რჩებოდა. ანუ მოწმე ამით არ გამორიცხავს ა. ჩალახეშაშვილის უფრო მცირე დროით დარჩენას რუსთავში.

შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:

,, მოწმე მამუკა ჩალახეშაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ სერიკო გორაშვილს ხშირად ხვდებოდა სოფელში, ორჯერ აგრაფინა ზანდარაშვილის თხოვნით ქალბატონი სერიკო წაიყვანეს ექიმთან რუსთავიდან თბილისში, ეს მოხდა 2008 წლის მაისიდან 2009 წლის ივლისამდე პერიოდში. „

სასამართლო სხდომის ოქმში კი ვკითხულობთ:

,, _ ქალბატონ სერიკოს ვიცნობ აგრაფინას მხრიდან, ქვის საამქროში იყო ჩამოსული. მე იქ ვმუშაობ, მაშინ ვნახე, ქვა წაიღო., მერე სოფელში ვხვდებოდი ქალბატონ სერიკოს, შაბათ-კვირაც ჩავდივარ სოფელში.

_ დიახ, ხშირად ვხედავდი სოფელში ქალბატონ სერიკოს.

მოპასუხის წარმომადგენლის გელა ნიკოლაიშვილის შეკითხვაზე მოწმე მამუკა ჩალახეშაშვილის პასუხობს:

_ თქვენი მანქანით თუ მომსახურებიხართ ქალბატონ სერიკოს?

ორჯერ, ერთხელ რუსთავიდან წავიყვანე თბილისში, არამიანცის საავადმყოფოში,, ერთხელ 2008 წლის მაისში და და ერთხელ 2009 წლის ივნისში."

ამდენად, მოწმე ვერ ასახელებს სოფელ ოზაანში ს. გორაშვილთან შეხვედრების კონრეტულ სიხშირეს, ამასთან მან ახსნა, რომ სოფელ ოზაანში ს. გორაშვილი გაიცნო ქვის საამქროში, სადაც ის მარტო ნახა. ს. გორაშვილი ქვის საამქროში სავარაუდოდ მისული იყო მისი დის ნუნუ გორაშვილის საფლავის ქვის გასაკეთებლად, რაც შეღავათიან ფასში გაუკეთეს. საინტერესოა, რატომ არ ახლდა ამ დროს მას თან ან ნელი კორახაშვილი, ან კიდევ ა. ჩალახეშაშვილი ან ჟ.კორახაშვილი. მოპასუხეს ხომ ნუნუ გორაშვილის რჩენისა და პატივით დაკრძალვის ვალდებულებაც ეკისრებოდა. ან რატომ გადაახდევინეს სერიკო გორაშვილს საფლავის ქვაში თუნდაც შეღავათიანი ფასი, როდესაც ეს საამქრო მარჩენალის ძმას და მას ეკუთვნის და თავად ნელი კორახაშვილის განცხადებით მისი დავალებით სერიკო გორაშვილის სარჩენ ფულად თანხას სწორედ ამ საამქროდან იღებდა მისი დედამთილი აგრაფინა ჩალახეშაშვილი. ეს გარემოება არაპირდაპირ მიუთითებს მოპასუხის კეთილსინდისიერი დამოკიდებულების ხარისხზე სხვა სარჩენის ნუნუ გორაშვილის პატივისცემის მიმართ.

სასამართლომ ზოგადად, შეფასების გარეშე დატოვა საქმეში არსებული სხვა მტიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოსარჩელის მხარის მოწმეთა ჩვენებები. მის მიერ არასრულად და ცალმხრივადაა შეფასებული აღნიშნული მტკიცებულებები.

კერძოდ, სასამართლო არ იზიარებს მხარეთა ახსნა-განმარტებათა და მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებებს იმ ნაწილში, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე, მისი დედამთილი და დედა სისტემატურად არ უვლიდნენ ს. გორაშვილს, არ კითხულობდნენ მის მდგომარეობას Dდა მიიჩნევს, რომ ,,მოპასუხის მხრიდან არსებითად არ დარღვეულა სახელშეკრულებო პირობები, ხოლო იმ პირების ჩვენებები, რომელთაც ხშირი ურთიერთობა არ ჰქონიათ მოსარჩელესთან და არ იცოდნენ მისი ურთიერთობის შესახებ მოპასუხე მხარესთან მნიშვნელოვანი ვერ იქნება წარმოდგენილი საკითხის გადასაწყვეტად."

ამ დასკვნის საპირისპიროდ სასამართლო სხდომის ოქმში ვკითხულობთ:

,, მოსარჩელე მხარე სერიკო გორაშვილი განმარტავს:

,, …2006 წელს გამოაგზავნა 100 დოლარი, 2007 წელს გამოაგზავნა 100 დოლარი, ხოლო 2008 წელს გამოაგზავნა 100 ლარი. 2008 წლის დეკემბერის თვეში თავისთან, სოფელ ოზაანში წამიყვანეს მანქანით, მათთან სოფელში ვიყავი 2009 წლის იანვრის თვემდე, მერე წყლის მოტანა როდესაც მოხუც ქალს დამავალეს ავდექი და წამოვედი სოფლიდან. 2009 წლის 11 იანვარი იყო წამოვედი სოფლიდან. Mმერე 2009 წლის მარტის თვეში გავხდი ავად, მაშინ თერაპევტთან და ქირურგთან წაყვანა დამჭირდა, თერაპევტი მომიყვანა მეზობელმა ნუნუ კაპანაძემ, მე უკვე საავადმყოფოები მოვლილი მქონდა მოპასუხე მხარის დედამთილი, რომ ჩამოვიდა, ექიმის ხარჯებს ყველაფერს მე ვიხდიდი. მერე ექიმთან კიდევ წამიყვანეს მამუკას მანქანით, თან მახლდა მეზობელი ნუნუ კაპანაძე და მოპასუხე მხარის დედამთილი გამომყვა კიდევ ექიმთან და იქ გადაიხადა მხოლოდ 50 ლარი. ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს ვყიდულობდი და ასევე გადასხმები მჭირდებოდა ექთანი მყავდა დაქირავებული და მის ხარჯებს მთლიანად მე ვიხდიდი. 200 დოლარი ჩამოიტანა მოპასუხე მხარის დედამთილმა, ის 200 დოლარი გადაახურდავა და 160 ლარით სავარძელი იყიდა თავისთვის, სკამზე ვერ ვჯდები ფეხები მისივდებაო. ორი კვირის მანძილზე, სანამ ჩემთან იყო, ასე დადიოდა, ხან ბაზრობაზე წავიდა თავისთვის ,,დვოიკები“ იყიდა, 2009 წლის აგვისტო იყო, ჩამოვიდა მოპასუხე მხარე დედამთილთან ერთად და დილის 10 საათიდან საღამოს ოთხ საათამდე არ გაჩერებულა, მეუბნებოდა ჯინაზე, პრინციპზე, მომცემთ იმ ფულს რაც დავხარჯე, ჯერ მითხრა 3000 დოლარი, მერე მითხრა 7000 დოლარი, ფეხი-ფეხზე ჰქონდა გადადებული და მეუბნება, დადე ფულიო, საძინებელში ვიყავით, რომ მკლავში ხელი წამავლო და მერე ხელი გამოვგლიჯე. ავად ვიყავი და მაინც არ გაჩერდნენ. ავადმყოფი ქალი მიმატოვეს და წავიდნენ. დედამთილს ვთხოვე დარჩით მეთქი და არ დარჩნენ. მერე ჩემმა რძალმა დაურეკა ლიდამ უთხრა ავადმყოფი ქალი რომ მიატოვეთო, მოპასუხე მხარემ ასე უთხრა ტელეფონში მე მაგას არ ვიკადრებ, რომ მაგას მოვუარო, ერთ მომვლელს დავიქირავებ და იმან მოუაროსო.“
მოსარჩელემ ამ განმარტებაში მიუთითა საკუთარი უკმაყოფილების მიზეზი: უყურადღებობა მარჩენალის მხრიდან, განსაკუთრებით ავადმყოფობისას, უხეში და ცინიკური დამოკიდებულება.

მოპასუხე მხარე ნელი კორახაშვილი განმარტავს:

,, ... მე მასზე პირადად არ ვახორციელებდი მოვლა პატრონობას, მაგრამ უვლიდნენ ჩემი დედამთილი და დედაჩემი, ასევე გაზაფხულზე სერიკო გორაშვილი ჩემს დედამთილს და თავის რუსთაველ მეზობლებს ყავდათ წაყვანილი თბილისში პროფესორთან ,,არამიანცის” საავადმყოფოში სრულ გამოკვლევაზე, რაზედაც ასევე გავიღეთ სერიოზული ხარჯები. მოსარჩელე მხარე რასაც ითხოვდა, ყოველთვის ყველაფერს ვასრულებდით. რემონტი გვთხოვა და 2007 წელს ბინაში რემონტი ჩავატარეთ, რაშიც მთლიანად გადავიხადეთ 1200 დოლარი. მისი თხოვნით ჩემმა დედამთილმა სავარძელიც უყიდა.… რემონტის დროს შევცვალეთ ასევე შესასვლელი კარები, რაშიც გადავიხადეთ 550 ლარი. ჩემი დედამთილი ხშირად ჩამოდიოდა რუსთავში და უვლიდა სერიკოს, ჩემს გამოგზავნილ ფულს უტოვებდა.”(იხ. იგივე სხდომის ოქმი, გვ.4-5). მერე მე ვუთხარი იმათ თუ ვერ ეწყობი, მომვლელს გიქირავებ და ის მოგივლის თქო, მითხრა არ მინდა მომვლელიო. მეზობელი შემოდის ელზა, თუ რამე მჭირდება პური ან რამე მას ვაბარებ და მოაქვს ხოლმეო, მერე 50 დოლარი მივეცი ეს ფული ელზას მიეცი მაინც ასე პატივს რომ რომ გცემს თქო.”



მოპასუხე კონკრეტულად ვერ ასახელებს თუ რა ხარჯები გაწია ,,არამიანცის” საავადმყოფოში ე.წ. სრულ გამოკვლევაზე. თავისთავად ასეთი კომპლექსური გამოკვლევები საავადმყოფოებში შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით ტარდება. ასევე ვერ ასაბუთებს რა სახის რემონტი ჩაატარა, რემონტის ხარჯებს, რა გადაიხადა მასალებში და რა სამუშაოს შესრულებაში. ამასთან, მოსარჩელე მეზობელ ელზასათვის 50 დოლარის გადაცემით და მოსარჩელესათვის მომვლელი დაქირავების შეთავაზებით არაპირდაპირ ადასტურებს, რომ სერიკო გორაშვილს არაკეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მასთან მომვლელებად მიჩენილ მოპასუხის დედამთილთან და დედასთან, გარკვეული ხანი უყურადღებოდ იყო მიტოვებული და მას მეზობელი ელზა აქცევდა ყურადღებას.


სანაცვლოდ მხარეთა შეკითხვების ეტაპზე სერიკო გორაშვილი დამატებით განმარტავს:

,, _ 4 ცალი შპალერი იყიდა, თითო შპალერში 15 ლარი მისცა, შესასვლელი და ლოჯია გააკეთა და სამზარეულო შეღება.
_ შესასვლელი კარის თანხა 550 ლარი ჩემი ფული მივეცი.
სასამართლოს ნებართვით მოპასუხე მხარე ნელი კორახაშვილი განმარტავს:

,,მართალია ასე იყო, რაც მქონდა თანხა ჩამოტანილი 1000 დოლარი სულ დამეხარჯა, მე ვიცოდი ფული ჰქონდა, ვთხოვე მასესხე ფული და სოფელში რომ წავალ ჩამოგიტან-თქო. მერე ... … ჩავასესხე ისევ ის ნასესხები თანხა.

მოსარჩელე მხარე სერიკო გორაშვილი განმარტავს, არა არ ჩაუსესხებია ჩემთვის მას თანხა.

თავისი წარმომადგენლის ნინო ლომიძის შეკითხვაზე მოსარჩელე სერიკო გორაშვილი პასუხობს:

_ მოპასუხე მხარის დედამთილი რამდენ ხანში ერთხელ ჩამოდიოდა თქვენთან. 2006, 2007, 2008 წლებში დაახლოებით რამდენჯერ ჩამოვიდა თქვენთან და დარჩა?

_ 2006 წელში არ ყოფილა ჩამოსული, 2007 წელს ჩამოვიდა ჩემი დის დაკრძალვაზე.

_... ორი კვირა დავრჩი სოფელში და 2009 წლის იანვარში ჩამოვედი, მერე ავად გავხდი და ყურადღებას მაქცევდენენ მეზობლები. სამი თვის მერე მარტში ჩამოვიდა ნელი კორახაშვილის დედამთილი და ჩემთან დარჩა ორი კვირა, თან სულ იმას იძახოდა აქ როგორ ძლებო.

_ დიახ წნორში წამიყვანეს ექიმთან, მაგრამ წამლების და ექიმის ფული მე გადავიხადე.”

აღნიშნული განმარტებით მოსარჩელემ ნათლად დაადასტურა, რომ მასსა და მოპასუხეს, ასევე მის დედამთილთან ურთიერთობა დაეძაბა უყურადღებობის, უპატივცემულობისა და ცინიკური დამოკიდებულების გამო.


,,მოსამართლის შეკითხვაზე მოწმე ვალენტინა გორაშვილი განმარტავს:

_ თქვენ სერიკო გორაშვილთან ყოველდღე მიდიხართ?
_ არა ყოველდღე ვერ დავდივარ, თვეში 2-3 ჯერ მივდივარ ხოლმე.
_ სერიკო გორაშვილს ვინ უვლის ?
_ ლიდა უვლის ხოლმე, ჩემი მეუღლის ნათლული, მის დასაც უვლიდა ნუნუს, ახლა სერიკოს აქცევს ყურადღებას.
_ თქვენთვის არ უთქვამს სერიკო გორაშვილს რომ მას ვინმე პატრონობდა?
_ არა არ უთქვამს, მეც არ შემიმჩნევია, მე აგარაკი მაქვს და ძირითადად იქ ვარ ხოლმე.

მოპასუხის წარმომადგენლის გელა ნიკოლაიშვილის შეკითხვაზე მოწმე ვალენტინა გორაშვილი პასუხობს:
_ აგარაკზე რამდენ ხანს რჩებოდით?
_ დილით მივდიოდი და საღამოს უკან ვბრუნდებოდი.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ნინო ლომიძის შეკითხვაზე მოწმე ვალენტინა გორაშვილი პასუხობს:

_ მეზობლები თუ ეხმარებიან სერიკო გორაშვილს?
_ დიახ, თუ რამე ჭირდება მეზობლები ყველაფრით ეხმარებიან.


მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ნონო ლომიძის შეკითხვაზე მოწმე ვალენტინა გორაშვილი პასუხობს:

_ ქალბატონი სერიკო, როდესაც ავად გახდა ექიმებთან ვის დაყავდა?
_ თბილისში დაყავდათ ექიმებთან და ამ ყველაფერს ვიცი, რომ აკეთებდა ლიდა.”

ამით მოწმემ ახსნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის წლების განმავლობაში ხშირად, თვეში 2-3 ჯერ მიდიოდა სახლში სერიკო გორაშვილთან, იქ ნელი კორახაშვილი, აგრაფინა ჩალახეშაშვილი ან ჟულიეტა კორახაშვილი არ უნახავს. Aასევე არ შეუმჩნევია, რომ სერიკო გორაშვილს ვინმე გამოკვეთილად უვლიდა.

,, მოსამართლის შეკითხვაზე მოწმე მაყვალა თედეევი პასუხობს:
_ ნელი კორახაშვილს იცნობთ:
_ ნელი კორახაშვილი ერთხელ მყავს ნანახი.

_ …... თუ რამე ჭირდება მაშინ ჩავდივარ,. ცუდად რომ არის ხოლმე მაშინ ჩავდივარ
_ ... დედამთილი სულ ერთი-ორჯერ ვნახე.
_ სისტემატურად უვლის პატრონობს სერიკო გორაშვილს?

_ არა, არ შემიმჩნევია.

_ მე მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ, სერიკო მეხუთე სართულზე ცხოვრობს.


მოსარჩელე მხარის ნონო ლომიძის შეკითხვაზე მოწმე მაყვალა თედეევი პასუხობს:

_ რა პერიოდში ხვდებით სერიკო გორაშვილს?
_ ხან დღეგამოშვებით, ხან ყოველდღე.
_ ხშირად აკითხავთ ხოლმე სერიკო გორაშვილს?
_ ხშირად არა, თუ სადილს გავაკეთებ, ჩავუტან, ეს იშვიათად ხდება, ხშირად არა.

მოსამართლის შეკითხვაზე მოწმე მაყვალა თედეევი პასუხობს:

_ სადილი როდესაც მიგიწვდიათ სულ მარტო ყოფილა ქალბატონი სერიკო?

_ დიახ.

ამით მოწმე მ. თედეევმა დაადასტურა, რომ ის ცხოვრობს მოსარჩელის მეზობლად, სერიკო გორაშვილთან აქვს ახლო მეზობლური ურთიერთობა, მართალია, მასთან ყოველდღე არ ჩადის სახლში, მაგრამ ისე ყოველ დღე ან დღეგამოშვებით კონტაქტობს. თუ ცუდად არის ჩადის მასთან სახლში და ასევე სადილი ჩააქვს ხოლმე სერიკო გორაშვილთან. მთელი ამ ურთიერთობის განმავლობაში მოწმეს არ შეუნიშნავს აგრაფინა ჩალახეშაშვილი ან ჟულიეტა კორახაშვილი სერიკო გორაშვილთან არც სახლში და არც სადარბაზოში, ან კიდევ სახლის ეზოში.

საქმის განხილვის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

1.მხარეებს შორის 2006 წლის 13 ივლისს გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით სარჩო შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ისე ნატურალური სახის. Mმას შეიძლება ჰქონდეს აგრეთვე მომსახურების სახე. კერძოდ, მარჩენალი ვალდებულია უზრუნველყოს სარჩენი სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, მოვლითა და ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის. ხოლო მე-3 პუნქტით სარჩოს გადახდის სპეციალური ვადები არ დგინდება. რჩენას აქვს ყოველდღიური(უწყვეტი) ხასიათი.

2. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა ფაქტობრივად გრძელდებოდა 2006 წლის 13 ივლისიდან 2009 წლის აპრილამდე, რაც მოიცავს 2 წელიწადსა და 8 თვეს, ანუ 32 თვეს. აქედან, თუნდაც მხოლოდ მოპასუხე მხარის განმარტებებს რომ დავეყრდნოთ, სარჩენმა სოფელ ოზაანში დაჰყო 4 თვე, ხოლო დარჩენილი 28 თვიდან მარჩენალთა მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა ნახევარი, ანუ 14 თვე(თვეში 2 კვირა), ხოლო დანარჩენი 14 თვე, ანუ 1 წელიწადი და 2 თვე მოვლა-პატრონობის გარეშე დარჩა.

ასევე ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ კიდეც რომ გავიზიაროთ მოპასუხე მხარის განმარტება, რომ სულ მოცემულ პერიოდში მოსარჩელისათვის გადაცემული აქვთ 1000 აშშ დოლარამდე, შესაბამისად ეს ფულადი თანხა უნდა გადანაწილდეს უმეთვალყურეოდ ყოფნის მთელ პერიოდზე (14 თვე). რაც გულისხმობს თვეში 71 აშშ დოლარის მოხმარებას. თუ გავითვალისწინებთ ამ პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის მონაცემებს(1/1,6), 71 აშშ დოლარი საშუალოდ წარმოადგენდა 113 ლარს. მას გამოაკლდება ბინის კომუნალური გადასახადები, მედიკამენტების ფასები, რაც შეადგენს საშუალოდ 40 ლარს თვეში, საბოლოოდ მივიღებთ 73 ლარს.
საქართველოს კანონის ,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ (2006-2009 წლების რედაქციებით) 1-4-ე მუხლების თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ძირითადი სოციალური ნორმატივის - საარსებო მინიმუმის ფორმირებისა და გამოყენების პრინციპებს, მისი დამტკიცებისა და გადასინჯვის წესს. საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. საარსებო მინიმუმი არის სოციალური ორიენტირი, რომელიც გამოიყენება: ა) მოსახლეობის ცხოვრების დონის ცვლილებათა ასახვისათვის; ბ) მოსახლეობის ნაკლებადუზუნველყოფილი ნაწილის განსაზღვრისა და მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებისათვის; გ) ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის; დ) სოციალური პროგრამების, ეროვნული მეურნეობის განვითარების ისეთი მოდელის შესამუშავებლად, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა მოხმარების ნორმების ეტაპობრივ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ნორმებთან.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გაიანგარიშებს საარსებო მინიმუმის ღირებულებას, რომლის საფუძველზეც დგინდება თანაფარდობა საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის. საარსებო მინიმუმი გაიანგარიშება ნორმატიულ-სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე, მიმდინარე (შესყიდვის) საშუალო ფასების მიხედვით. ნორმატიული მეთოდის გამოყენებით ფორმირდება სასურსათო კალათა,რომელიც ითავალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს,ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არსასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც ითვალისწინებს მოხმარების ფაქტიურ დონეს.
სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2009 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 114,9 ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მხოლოდ 1 ლარით აღემატება. მოცემული საარსებო მინიმუმის 70 % გათვლილია კვებაზე, ხოლო დანარჩენი 30% არასასურსათო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.
საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის განსაზღვრა ხდება პროდუქტებზე არსებული სეზონური ფასების და ადამიანის მოთხოვნილების აუცილებელი დღიური ნორმის მიხედვით. დადგენილი დღიური ნორმა 2300 კილო-კალორიის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს, რასაც 40 სახეობის სხვადასხვა საკვები პროდუქტი შეიცავს.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან სერიკო გორაშვილის რჩენა 14 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა საარსებო მინიმუმზე ქვედა ზღვარზე, რომ აღარაფერი ვთქვათ დანარჩენ 18 თვეზე, როცა იგი იმყოფებოდა სოფელში, ან მას აკითხავდა მოპასუხის დედამთილი აგრაფინა ჩალახეშაშვილი.
სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ ხელშეკრულებაში მითითებული მარჩენალის ვალდებულება, რომ სარჩენის რჩენას უნდა ჰქონოდა უწყვეტი, ყოველდღიური ხასიათი არ გულისხმობს იმას, რომ მარჩენალი სარჩენს ყოველდღიურად თავზე დასდგომოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ რჩენა თავისი არსით გულისხმობს არა მარტო საკვების მიწოდებას, არამედ დახმარებას ყოველდღიური ყოფითი საჭიროების მოპოვებაში _ ყოველდღიური საკვების შეძენა, ყოველდღიური სანიტარია, ტანსაცმლის რეცხვა, წამლის ყიდვა, არასტაბილური არტერიული წნევის გაზომვა, სასმელი წყლით მომარაგება, სუფთა ჰაერზე გასეირნება, საჭმლის მომზადება, ოთახების დასუფთავება და სხვა საჭიროებები, რაც ადამის აანღღირსყ რსეულ პირობებს უქ ცხოვრებისათვის. ასეთ დახმარებას და უზრუნველყოფას ს. გორაშვილი უდავოდ მოკლებული იყო და არც მოწინააღმდეგე მხარე უთითებს ამგვარზე. უფრო მეტიც, ნ. კორახაშვილმა სააპელაციო სხდომაზე განაცხადა, არ ვიცოდი ყოველდღიურად თუ უნდა მომევლოო. მანვე პირველი ინსტანციის სხდომაზე აღიარა, რომ სარჩენის მეზობელს ფულადი თანხაც კი გადაუხადა იმისთვის, რომ ს. გორაშვილს ყოველდღიურად პურის ყიდვაში ეხმარებოდა. თუმცა მომსახურების ეს მწირი ანაზღაურება ერთჯერადი იყო, რის შემდეგაც სარჩენი ყოველდღიურად, ნაცვლად მარჩენალისა და მისთვის მიჩენილი პირებისა, მეზობლებისა და ნათესავების კმაყოფაზე იმყოფებოდა.

ასევე სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მიზეზად განჩინებაში მოშველიებულია ისეთი არგუმენტი, როგორიცაა ხელშეკრულების პირობების ზოგადი ხასიათი, რომ მარჩენალის ვალდებულებები იმდენად ზოგადია, რომ მათი დარღვევის გამორკვევა შეუძლებელი ხდება.


სასამართლოს ამგვარი მოსაზრება არ გამომდინარეობს მართლმსაჯულების ამოცანებიდან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 337-ე და 338-ე მუხლების თანახმად, თუ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება გაგებულ იქნეს სხვადასხვანაირად, მაშინ უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმას, რომელიც, ჩვეულებრივ, მიღებულია ხელშეკრულების დამდები მხარეების საცხოვრებელ ადგილზე. თუკი მხარეებს სხვადასხვა საცხოვრებელი ადგილი აქვთ, გადამწყვეტია აქცეპტანტის საცხოვრებელი ადგილი. ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულებისშინაარსს. შინაარსს. ამდენად, სასამართლო ვალდებულია მხარეთა დისპოზიციური ნება განმარტოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო თუ სპეციალური ნორმები ამის შესაძლებლობას არ იძლევა, მიმართოს კანონის ანალოგიას. მოცემულ შემთხვევაში კი ხელშეკრულების პირობები არ არის იმდენად ზოგადი, რომ მისი შინაარსის გარკვევა შეუძლებელი იყოს. ხელშეკრულების ფუნქციიდან გამომდინარე პირობების სიტყვა-სიტყვითი ინტერპრეტაციაც კი საკმარისია ვალდებულებათა კონკრეტული არსის შესამეცნებლად. სარჩენი ს. გორაშვილი არის ღრმა მოხუცი, მას რომ ყოველდღიური ყურადღება ჭირდებოდა, აქ საეჭვო არ შეიძლება რაიმე იყოს. ე.წ. ,,თავზე დადგომის" ცნების შემოტანა აქ აშკარად უადგილოა, რადგან ღრმა და ავადმყოფი მოხუცის ყოველდღიურ მეთვალყურეობასა და მოვლა-პატრონობას, მისი ჯანმრთელობისათვის ზრუნვას, კომფორტულ გარემოში შეთვისებას მარჩენალის მხრიდან განსაკუთრებული ძალისხმევა ჭირდებოდა. ასეთ ვალდებულების შესრულებას მარჩენალი გაურბოდა და მისი ამოცანა სარჩენის მინიმალურზე ქვევით კმაყოფაზე შენარჩუნება იყო, რაც ნამდვილად არ შეესაბამებოდა სარჩენის ინტერესებს და თავად ხელშეკრულების ფუნდამენტურ პირობას იმის შესახებ, რომ მარჩენალთან ურთიერთობის ვითარებაში სარჩენს უნდა შექმნოდა ადამიანის ღირსების შესატყვისი პირობები.

სააპელაციო სასამართლო ასევე უთითებს, რომ სარჩენს უშუალოდ მარჩენალთან არ გართულებია ურთიერთობა და იგი აუტანელი არ გამხდარა.

თავისთავად, ურთიერთობის გართულების უდავო მტკიცებულებაა სარჩენის მიერ მარჩენალის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა, მეორეც როგორც ს. გორაშვილმა როგორ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომებზე განმარტა,მის მიმართ თავად ნ.კორახაშვილის, ასევე ჟ. კორახაშვილისა და ა.ჩალახეშაშვილის(მიჩენილი პირების) დამოკიდებულება იყო ცინიკური, აბუჩად იგდებდნენ მას და ნაცვლად მისი მოვლა-პატრონობისა, პირადი ფუფუნების საგნების ყიდვით იყვნენ დაკავებულები.ასევე სარჩენზე განსაკუთრებით უარყოფითი ემოციების მომტანი შეიქმნა მარჩენალის უგულისყურო დამოკიდებულება მისი აწ/გარდაცვლილი დის მიმართ, რომელთანაც ნ. კორახაშვილს ასევე გაფორმებული ჰქონდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება. მაჩენალმა არათუმონაწილეობა არ მიიღო მის დაკრძალვაში, ფინანსური საშუალებაც კი არ გაიღო საამისოდ, უფრომეტიც, საფლავის ქვა თავისივე საკუთრებაში არსებული ქვის საამქროში საკუთარი ხარჯებით აყიდია ს. გორაშვილს. არადა ხელშეკრულებით თავად მარჩენალ ნ. კორახაშვილს ეკისრებოდა მოსარჩელის დის დაკრძალვისა და სასაფლაოს მოწყობის ხარჯების დაფარვა. უფრომეტიც, მარჩენალმა სასამართლო სხდომებზე აღიარა, რომმან დღესაც არ იცის თუ სად არის დაკრზალული მისი რჩენის ქვეშ მყოფი პირი. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გათვალისწინებით, ს. გორაშვილს შეექმნა საფუძვლიანი განცდა, რომ ისევე ნ. კორახაშვილი როგორც მის დას, მის ღირსებასაც ისე აბუჩად აგდებით მოეპყრობოდა გარდაცვალების შემდეგ, რისი შინაგანი რწმენის საფუძველსაც სიცოცხლეშივე მარჩენალის მხრიდან ამგვარი უყურადღებობა და ცინიკური დამოკიდებულებები აძლევდა.


რევაზ რიჟამაძე

0 კომენტარი:

Post a Comment