მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება

Saturday, November 13, 2010

გარიგების ბათილად ცნობა, ხელშეკრულებიდან გასვლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლეს, ბატონ ს. ღურწკაიას

მოსარჩელე: ბესიკ ბრეგვაძე, პირადი ნომერი 45001004076,
საცხოვრებელი მისამართი: თბილისი ვარკეთილი 3 მ/რ 2 კორ.15 ბ.55
ს/ტელ: 893 32 09 33


გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე ხარვეზის შესახებ, საქმე N2/10800-10

სასამართლო განჩინების ირგვლივ დამატებით განვმარტავთ შემდეგს:
I.სასარჩელო მოთხოვნის განსაზღვრა.
მოგახსენებთ, რომ ბესიკ ბრეგვაძემ (იხ. სარჩელი, პირადობის მოწმობის ასლი, დანართი 1) 2003 წელს შევიძინე საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება, ვარკეთილი-3, მიკრო/რაიონი II, კორპუსი 15, ბინა N55.(იხ. დანართი , ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). 2008 წლის 18 თებერვალს მოქ. თამარ კუჭუაშვილთან გავაფორმე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება(იხ. სარჩელი, დანართი 2, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). ამავე პერიოდში გავემგზავრე საზღვარგარეთ(იხ. სარჩელი, დანართი, პასპორტის გვერდები), ამავე ხელშეკრულების შესრულების მიზნით კი მინდობილობა დავუტოვე ჩემს ახლობელს ნონა წიწილაშვილს(იხ. სარჩელი, დანართი 3, მინდობილობა), თუმცა ხელშეკრულების შესრულების პერიოდშივე საქართველოში მომიწია ჩამოსვლა და უშუალო მოქმედებებით მოვახდინე სესხის გასტუმრება და იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაცია უძრავ ნითზე(იხ. დანართი 4 და 5 - გადაწყვეტილება იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). ხოლო ნონა წიწილაშვილს მასზე გაცემული მინდობილობის ორივე ეგზემპლარი გამოვართვი.
2010 წლის აპრილის თვე იქნებოდა ნონა წიწილაშვილმა შემომთავაზა ჩემთვის გაურკვეველი სარგებლიან საქმეში მონაწილეობის მიღება და საამისოდ სესხის სანაცვლოდ ჩემს საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული ბინის დაგირავება. მე კატეგორიული უარი განვუცხადე ამგვარ შემოთავაზებაზე ნონა წიწილაშვილს და გავაფრთხილე, რომ ჩემს ბინას არანაირად არ შეხებოდა. ამასთან, თავის დაზღვევის მიზნით და ვინაიდან აღარ არსებობდა ნონა წიწილაშვილზე ჩემი სახელით რაიმე მოქმედების განხორციელების აუცილებლობა, თანაც საზღვარგარეთ აღარ წავსულვარ, 2010 წლის 24 მაისს შესაბამისად გავაუქმე ნონა წიწილაშვილზე გაცემული მინდობილობა(იხ. სარჩელი, სანოტარო აქტი მინდობილობის გაუქმების შესახებ, დანართი ). თუმცა შემდგომში, 2010 წლის 01 ოქტომბერს, განსხვავებულ ვითარებაში, ჩემი შვილის საბავშვო ბაღში შეყვანის მიზნით მისამართზე რეგისტრაციისათვის საბუთების გამზადებისას, საჯარო რეესტრის ამონაწერის ნახვისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნონა წიწილაშვილს 2010 წლის 05 მარტს უსარგებლია რა ჩემს მიერ გაცემული ზოგადი შინაარსის მინდობილობით(მის ჩემს მიერ გაუქმებამდე) და მოქ. ავთანდილ მარიამიძესთან(იხ. ამონაწერი სამოქალაქო რეესტრიდან, დანართი 7) ჩემთან შეუთანხმებლად 2010 წლის 05 მარტს დაუდევს ჩემი კუთვნილი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 16 500 აშშ დოლარის ფარგლებში(იხ. დანართი 8 _ ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით), საჯარო რეესტრში მოუხდენია შესაბამისი ჩანაწერის რეგისტრაცია(იხ. ამონაწერი საჯარო რესტრიდან, სარჩელის დანართი ), ხოლო ე.წ. მყიდველისგან მიღებული თანხა მოუხმარია საკუთარი საჭიროებისათვის. მე იმავე დღეს დავუკავშირდი ჯერ ნონა წიწილაშვილს, ხოლო შემდეგ სახლში მივედი ავთანდილ მარიამიძესთან. ა. მარიამიძემ განმიცხადა, რომ თუ მინდოდა ჩემი ბინა უკან დამებრუნებინა იმ ეტაპზე უნდა გადამეხადა 24 000 აშშ დოლარი_ ანუ ნ. წიწილაშვილისათვის მის მიერ ნასესხები თანხა თავისი პროცენტებით. ხოლო თავის მხრივ, ა. მარიამიძემ იმავე დღეს _ 2010 წლის 01 ოქტომბერს ჩემი კუთვნილი ბინის საბოლოოდ დაუფლების მიზნით 14:46 საათზე შეუტანია განცხადება საჯარო რეესტრში ბინაზე საკუთრების გამოსყიდვის უფლებით შეზღუდვის გაუქმების მოთხოვნის შესახებ(იხ. დანართი - განცხადება), რაც 2010 წლის 06 ოქტომბერს დაკმაყოფილდა(იხ. სარჩელის დანართი - გადაწყვეტილება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან). იმავე დღეს ჩემი წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრში შეტანილ იქნა სასამართლო გადაწყვეტილება ბინაზე ყადაღის დადების თაობაზე, რის საფუძველზეც ბინას დღეის მდგომარეობით ადევს ყადაღა.
აღსანიშნავია, რომ ნონა წიწილაშვილმა ჩემი სახელით რეალურად ავთანდილ მარიამიძესთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება: ამ უკანასკნელისგან ისესხა 15 000 აშშ დოლარი ბინით უზრუნველყოფითა და 1500 აშშ დოლარის სარგებლის დარიცხვის პირობით. ამასთან, ავთანდილ მარიამიძემ იცოდა რა, რომ ნონა წიწილაშვილი მოქმედებდა ჩემთან შეუთანხმებლად, რასაც თავად ნონა წიწილაშვილიც ადასტურებს, ერთობლივად დაფარეს საკუთარი განზრახვა ერთმანეთს შორის დაედოთ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება(იხ.სარჩელი, დანართი - ნ. წიწილაშვილის ხელწერილი).
აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, გამოსყიდვის ვადა დასრულდა 2010 წლის 5 ივნისს და ავთანდილ მარიამიძეს 2010 წლის 1 ოქტომბრამდე ვალდებულებების გაუქმებისა და საკუთრების შეზღუდვის მოხსნის თაობაზე საჯარო რეესტრში განცხადება არ შეუტანია(იხ. სარჩელი, დანართი, განცხადება ვალდებულების გაუქმების თაობაზე). ასევე, დღემდე ის არ შესახლებულა აღნიშნულ ბინაში და მე ჩემი ოჯახით ვაგრძელებ იქ ცხოვრებას. უფრო მეტიც, ავთანდილ მარიამიძის ვინაობის შესახებ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შევიტყვე სრულიად შემთხვევით ჩემი ბავშვის მისამართზე სარეგისტრაციო საბუთების შეკრებისათვის საჯარო რეესტრის ამონაწერის ელექტრონული საშუალებით გაცნობისას.
ვფიქრობთ, ასევე ნიშანდობლივია მოპასუხე ნონა წიწილაშვილთან ჩემი გასაუბრებით გამორკვეული გარემოებებიც: მას 2010 წლის მარტის თვეში დაუკავშირდა რუსთავში მცხოვრები ციალა ჯანყარაშვილი, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესით იყო დაკავებული. მან ნ. წიწილაშვილს აუხსნა, რომ ჰქონდა ვარიანტი თბილისში შეღავათიან ფასში შეესყიდა ბინა, რისთვისაც საჭირო იყო 15 000 აშშ დოლარი. შემდგომ ამ ბინას გაყიდდნენ და ამონაგებ თანხას ერთმანეთში გაიყოფდნენ. ვინაიდან ნ. წიწილაშვილს ხსენებული თანხა არ გააჩნდა, ისარგებლა რა ჩემს მიერ მის სახელზე 2008 წლის 26 ივნისს გაცემული მინდობილობით, მივიდა ქ. რუსთავში მესხიშვილის ქუჩა #11- ში მდებარე უძრავი ქონების სააგენტოში და იქ მომუშავე კახაბერ ფრიდონაშვილს სთხოვა მოეძებნა მისთვის ისეთი პიროვნება, ვინც ბინის დაგირავების სანაცვლოდ ფულად თანხას მიასესხებდა. ამ უკანასკნელმა მას დაუყოვნებლივ მიუჩინა ავთანდილ მარიამიძე, რომელიც გააცნო როგორც მის ფირმასთან დაკავშირებული მევახშე და ფულის გამპროცენტებელი. ციალა ჯანყარაშვილსა და ავთანდილ მარიამიძეს ნ. წიწილაშვილმა სრულად გააცნო თავისი მინდობილობის არსი, რომ რეალურად მხოლოდ ბ. ბრეგვაძის მიერ ადრე მისივე სასარგებლოდ დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულებისთვის გააჩნდა იგი, თუმცა ორივე ეგზემპლარი ბ. ბრეგვაძემ ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ გამოართვა. მაშინ ნ. წიწილაშვილმა ნოტარიუსთან გაამზადა 2008 წლის 26 ივნისს ბ. ბრეგვაძის მიერ მასზე გაფორმებული მინდობილობის დუბლიკატი, რის საფუძველზეც 2010 წლის 05 მარტს ჩემს კუთვნილ ბინაზე გააფორმა ფიქტიური ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება(გამოსყიდვის უფლებით), რეალურად კი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. ნ. წიწილაშვილმა ა.მარიამიძიდან მიღებული თანხა იქვე პირდაპირ გადასცა ციალა ჯანყარაშვილს. თავის მხრივ, ა. მარიამიძესთან რეალურად დადებული სესხის ხელშეკრულების დაფარვის მიზნით, რათა არ გამჟღავნებულიყო მარიამიძიდან პირდაპირ ც. ჯანყარაშვილზე ხსენებული 15 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, ც. ჯანყარაშვილმა თავის მხრივ იმავე დღეს ნ. წიწილაშვილთან სხვა სანოტარო ბიუროში გააფორმა ვალის _ 15 000 აშშ დოლარის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აღიარების შეთანხმება. ციალა ჯანყარაშვილმა კი აღებული თანხა ნონა წიწილაშვილს აღარ გაუსტუმრა, რითაც თავის მხრივ ისარგებლა ავთანდილ მარიამიძემაც. იგი ჯერ სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადის პერიოდში(სამი თვის განმავლობაში), ხოლო შემდგომ ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 5% -იან სარგებელს ართმევდა ნ. წიწილაშვილს. ამჯერად კი იგივე 5%-იან სარგებელს მთხოვს მე. მისი გამოთვლით ნონა წიწილაშვილისათვის 2010 წლის 05 მარტს გადაცემული 15 000 აშშ დოლარი დღეს თავისი პროცენტებით შეადგენს 25 000 აშშ დოლარს და თუ მინდა რომ ბინა დამიბრუნოს, ჯერ ეს თანხა უნდა გადავუხადო მას. ამასთან ავღნიშნავთ, რომ მითითებულ გარემოებებს ყურადღება უნდა მიექცეს ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას გარიგებაში ჩემი მონაწილეობის შესაძლებლობის გამორიცხვის თვალსაზრისით, რა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით არაპირდაპირ დასტურდება, რომ ამ ხელშეკრულების დადება და შესრულება ჩემს ნებას და ინტერესს არ შეიძლება წარმოადგენდეს.
ხელშეკრულებით მინდობილი პირი (რწმუნებული) სსკ-ის 709-ე მუხლით ვალდებულია, შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება. ნ.წიწილაშვილმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებით შეასრულა იმგვარი მოქმედება, რაც მარწმუნებლის ნებას არ შეესაბამებოდა. ბ. ბრეგვაძესა და ა. მარიამიძეს შორის არ არსებობდა არავითარი ვალდებულება, რის გამოც ბინის გადაცემა ა. მარიამიძეზე ყოველგვარი იურიდიულ საფუძველს მოკლებულია.
მაშასადამე, ბ. ბრეგვაძემ ერთი კონკრეტული დავალების შესრულების ნაცვლად ნ. წიწილაშვილს შეცდომით გადასცა მინდობილობა თავისი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილების შესახებ, ხოლო ამ უკანასკნელმა ისარგებლა რა ამ შეცდომით, სადავო ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა ა. მარიამიძეს.
ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილებით ბ. ბრეგვაძესა და ნ. წიწილაშვილს შორის 2008 წლის 26 ივნისს დადებული მინდობილობის ხელშეკრულება, როგორც შეცდომით დადებული გარიგება, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ხოლო 2010წ. 05 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ბ. ბრეგვაძე გასულად უნდა ჩაითვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ ბ. ბრეგვაძე სადავო ბინის მესაკუთრე გახდა 2003 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2006 წლის 06 დეკემბერს საჯარო რეესტრში მითითებული ბინის მესაკუთრედ რეგისტრაიაში გატარდა ბ. ბრეგვაძე. სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში კანონის მითითებული ნორმა დაცულია და ბ. ბრეგვაძე ითვლება სადავო ბინის მესაკუთრედ.
2. დადგენილად უნდა ჩაითვალოს , რომ ბ.ბრეგვაძის მიერ თ. კუჭუაშვილთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულებასთან და ბ. ბრეგვაძის ესპანეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელმა დავალების ხელშეკრულება(მინდობილობა) გაუფორმა ნ. წიწილაშვილს. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ გადაეცა მისთვის მხოლოდ კონკრეტული ხელშეკრულების მისი სახელით შესრულების უფლებამოსილება, შეცდომით გაუფორმა გენერალური მინდობილობა მისი ქონების მართვისა და განკარგვის თაობაზე.
სკ-ს 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბ. ბრეგვაძემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულებაში უფლებამოსილების განხორციელების ნაცვლად ნ. წიწილაშვილს შეცდომით გადასცა მისი საკუთრების განკარგვის შესახებ გენერალური რწმუნება, ნ. წიწილაშვილს არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა ისეთი მოქმედება, რომელიც ბ.ბრეგვაძის მიერ გამოხატული ნებიდან არ გამომდინარეობდა, ამიტომ მითითებული ხელშეკრულება დადების მომენტიდანვე საცილო იყო.
სკ-ს 72-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, ცხადია, რომ ბ.ბრეგვაძემ ეს გარიგება დადო არსებითი შეცდომის საფუძველზე. კერძოდ, მას სურდა, ნ. წიწილაშვილთან დაედო გარიგება სესხის(იპოთეკის) ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ შეცდომით გააფორმა გენერალური მინდობილობა თავისი უძრავი ქონების თავისუფლად განკარგვის უფლების მიცემის თაობაზე.
მინდობილობა არ იყო შედგენილი იმ განზრახვით, ანუ იმ მოქმედებათა შესრულების ნებართვის თაობაზე, რაც მინდობილობაში იყო მითითებული, ანუ თუ მივიჩნევთ, რომ ნ. წიწილაშვილს მინდობილობა თუნდაც გადაცემოდა ბ.ბრეგვაძის თ. კუჭუაშვილის მიმართ ვალის უზრუნველყოფის მიზნით(მოვალის გარანტია), მას უფლება არ ჰქონდა ბინის გაყიდვისა. ასეთ შემთხვევაშიც კი ამგვარი მინდობილობის გაცემა ბ. ბრეგვაძის მხრიდან წარმოადგენდა მხოლოდ უზრუნველყოფის საშუალებას და არა ნებართვას თავისი ქონების რეალიზაციის თაობაზე.
ამრიგად, უნდა დადგინდეს, რომ ბ. ბრეგაძემ ამ მინდობილობის გაცემის დროს დაუშვა შეცდომა. სკ-ს 73-ე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, არსებით შეცდომად ითვლება გარემოება, როდესაც პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადება მას სურდა. ამავე კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში. ამ ნორმის შესაბამისად, შეცილება ხდება მეორე მხარის წინაშე ნების გამოვლენით – განცხადების გაკეთებით. მოცემულ შემთხვევაში 2008 წლის 26 ივნისის დავალების ხელშეკრულების შეცილების უფლება ბ. ბრეგვაძეს მიეცა მაშინ, როცა მან სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლისგან შეიტყო, რომ მისი კუთვნილი ბინა საჯარო რეესტრში ა. მარიამიძის სახელზე იყო აღრიცხული, ხოლო 2010 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისში უშუალოდ ნ. წიწილაშვილისგან მიიღო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების 1 ეგზემპლარი, რის შემდეგაც სარჩელის უზრუნველყოფის თხოვნით მომართა კიდეც სასამართლოს. ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ბ.ბრეგვაძისათვის ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის 26 ივნისს ნ. წიწილაშვილზე გაცემულ მინდობილობაში მას დაშვებული ჰქონდა შეცდომა გარიგების შინაარსში, რის გამოც ნ. წიწილაშვილს შეცილების თაობაზე მაშინვე განუცხადა და ამასთან განუმარტა, რომ მისი ქცევა წარმოადგენდა უკანონო ქმედებას, რის გამოც სარჩელით მიმართავდა სასამართლოს. აქედან გამომდინარე შეცილება განხორციელებულია კანონით დადგენილ ვადაში. გარიგების ბათილობას იწვევს მხოლოდ არსებითი შეცდომა, რომელიც სერიოზული შეცდომაა. მისი შეფასებისას მხედველობაში მიიღება სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები. ერთ-ერთ ასეთ კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ როგორ ზომებს მიიღებდა გონიერი ადამიანი, დადებდა თუ არა მსგავს ურთიერთობაში და კონკრეტულად - ასეთ შემთხვევაში - სხვაგვარ გარიგებას. განვმარტავ, რომ მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, ნ. წიწილაშვილთან არც ერთ შემთხვევაში არ დავდებდი ხელშეკრულებას მისთვის მინდობილი ჩემი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის, ვინაიდან მე მსურდა ამ ქონებასთან დაკავშირებით მხოლოდ ნ. კუჭუაშვილთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულებაში წარმომადგენლად ნ. წიწილაშვილის დაშვება. ასეთი დავალების მიცემისათვის კი საჭირო არ იყო ნ. წიწილაშვილისათვის გადამეცა ჩემი უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებამოსილებაც.
სკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუ კი იგი შეცილებული იქნება. ვინაიდან მითითებული გარიგება შეცილებულ იქნა შეცილების უფლების მქონე პირის მიერ, იგი ბათილია მისი დადების მომენტიდან, ანუ 2008წლის 26 ივნისიდან.
სკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. სკ-ს 709-ე მუხლის საფუძველზე, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ნ. წიწილაშვილი უფლებამოსილი არ იყო განეკარგა ბ.ბრეგვაძის ქონება მიუხედავად იმისა, რომ ამის განხორციელების შესახებ გააჩნდა ამ უკანასკნელის მიერ გაცემული მინდობილობა, ვინაიდან ნ. წიწილაშვილმა იცოდა, რომ ამ შინაარსის მინდობილობა გაცემული იყო შეცდომით. მართალია, სკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც, მაგრამ ამ ნორმის მეორე წინადადების შესაბამისად, წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს, ანდა წარმოშობილი უნდა იყოს დავალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, 2008 წლის 26 ივნისის დავალების ხელშეკრულება კანონიდან არ გამომდინარეობდა და არც დავალების საფუძვლიდან, კერძოდ, ნ. წიწილაშვილისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო მინდობილობა მას გადაეცა მხოლოდ თ. კუჭუაშვილთან ბ. ბრეგვაძის მიერ გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულების მიზნით და არა სხვისი ქონების გასხვისებისათვის, ნ. წიწილაშვილს ამ მინდობილობის საფუძველზე არ გააჩნდა უფლება ბ. ბრეგვაძის ქონების გასხვისებისა, მით უფრო ბ. ბრეგვაძის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არა თუნდაც თ. კუჭუაშვილთან გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესრულების მიზნით, არამედ უშუალოდ ნ. წიწილაშვილის სრულიად განკერძოებული, მარწმუნებლის უფლება-მოვალეობებიდან აბსოლუტურად დამოუკიდებელი პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
ამასთან, მინდობილობა შეიძლება გაიცეს როგორც ზეპირად, ისე – წერილობით. მინდობილობის შინაარსი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სახის ურთიერთობა უდევს საფუძვლად ამ უფლებამოსილებას. წარმომადგენელი მოქმედებს წარმოდგენილი პირის ინტერესებისათვის და შესაბამისად, მის მიერ დადებული გარიგება უნდა შეესაბამებოდეს წარმოდგენილის ინტერესებს. თუ კი იგი არ შეესაბამება წარმომდგენის ინტერესებს, მაშინ გარიგება უნდა ჩაითვალოს წარმომადგენლობით უფლებამოსილების გარეშე დადებულ მოქმედებად. სკ-ს 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. მოცემულ შემთხვევაში ნ. წიწილაშვილს გააჩნდა რა საცილო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ შეცდომით დადებული გარიგება, რის შესახებაც მისთვისაც ცნობილი იყო ამ გარიგების დადებისთანავე, ჯერ ერთი, მას უფლება არ ჰქონდა, ბათილი მინდობილობის საფუძველზე დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება მარწმუნებლის სახელზე, მეორეც, როცა ნ. წიწილაშვილმა ნასყიდობის ხელშეკრულება დადო ა. მარიამიძესთან ბ. ბრეგვაძის სახელით, იგულისხმება, რომ მან ნასყიდობის ხელშეკრულება ა. მარიამიძესთან გააფორმა ისე, რომ არ გააჩნდა საამისო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.
სკ-ს 111-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. ვინაიდან 2010 წლის 05 მარტის ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში (გამოსყიდვის უფლებით) წარმოდგენილია რა ბ.ბრეგაძე, რომელმაც არ მოიწონა ეს ხელშეკრულება, თავისთავად იგი არ არის ნამდვილი. ამ შემთხვევაში სახეზე შეიძლება იყოს მხოლოდ საკუთარი სახელით დადებული ხელშეკრულება და გამორიცხულია მისი კავშირი ამ სახელის ნამდვილ მატარებელ ბ.ბრეგვაძესთან.
სკ-ს 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ანგარიშგასაწევია ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში გაფორმებულია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება, მაგრამ ამ ხელშეკრულების შესაბამისად არ მომხდარა ნივთის ღირებულების გადახდა და ნივთის გადაცემა, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულება დასრულებული არ არის. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ბინა რომ არ გადასცემია ხელშეკრულებაში აღნიშნულ მყიდველს, ეს დადასტურებულია იმ გარემოებით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეს ბინა კვლავ მე და ჩემი ოჯახის წევრებს გვიკავია.
რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდას მყიდველისთვის, არც ეს განხორციელებულა. მართალია, 2010 წლის 05 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ თითქოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ა. მარიამიძემ გადასცა ნ. წიწილაშვილს, მაგრამ ეს ფულადი თანხა რეალურად იყო არა ბინის ნასყიდობის ფასი, არამედ ა. მარიამიძის მიერ უშუალოდ ნ. წიწილაშვილისათვის მისესხებული თანხა თავისი საპროცენტო სარგებელითურთ. ეს თანხა მე ბუნებრივია არ ამიღია და არც არავის შემოუთავაზებია იგი ჩემთვის. სკ-ს 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნ. წიწილაშვილს კი არ გააჩნია ჩემგან გაცემული დოკუმენტი ბინის ღირებულების მიღების თაობაზე.
მართალია, სკ-ს 185-ე მუხლი იცავს შემძენის ინტერესებს და ამ მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე და, აქედან გამომდინარე, არ არსებობს ნ. წიწილაშვილსა და ა. მარიამიძეს შორის 2010წ. 05 მარტს დადებული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, მაგრამ სკ-ს 104-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვინაიდან ამ ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ ბ. ბრეგვაძეს , ანუ წარმოდგენილ პირს, მას უფლება აქვს უარი თქვას 2010წ. 05 მარტის ხელშეკრულებაზე და გავიდეს ხელშეკრულებიდან.
სკ-ს 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის `ა~ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ არის აუცილებელი დროის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა და ცხადია, რომ ბ. ბრეგვაძის მხრივ დამატებითი ვადის დაწესებას სადავო ხელშეკრულებაში მითითებული ნივთის დაბრუნების შესახებ არავითარი შედეგი არ მოჰყვება და ხელშეკრულებიდან გასვლა დამატებითი ვადის მიცემის გარეშეც შესაძლებელია.
სკ-ს 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ(ნატურით დაბრუნება). ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ბ. ბრეგვაძე უფლებამოსილია გავიდეს 2010წ. 05 მარტის ხელშეკრულებიდან, რის შემდეგაც მას დაუბრუნდება თავისი ნივთი, ხოლო იგი არ არის ვალდებული დაუბრუნოს ხელშეკრულებაში მითითებული ნივთის ღირებულება ა. მარიამიძეს, ვინაიდან არ დასტურდება, რომ ამ ნივთის ღირებულება მიღებული აქვს ბ. ბრეგვაძეს(იხ. ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო პ რ ა ქ ტ ი კ ი ს მასალები : გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა # ას-91-398-04 20 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა).
.
ამდენად, ჩემს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს:
1. ბათილად იქნეს ცნობილი 2008 წლის 26 ივნისს ბ. ბეგვაძესა და ნ. წიწილაშვილს შორის დადებული დავალების ხელშეკრულება;
2. ბ. ბრეგვაძე გასულად ჩაითვალოს ნ. წიწილაშვილსა და ა. მარიამიძეს შორის 2010წ. 05 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ბ. ბრეგვაძის მიერ ამ ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო.
3. ბესიკ ბრეგვაძეს საკუთრებაში დაუბრუნდეს უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ვარკეთილი 3 მ/რ 2 კორ.15 ბ.55

ამასთან, ნ. წიწილაშვილს და ა. მარიამიძეს ბ. ბრეგვაძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ მიერ სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 941 ლარი( სახ. ბაჟი სარჩელისათვის - 891 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარი).

II. მოპასუხეთა დამატებითი კოორდინატების მითითების ირგვლივ
განვმარტავთ, რომ მოპასუხე ავთანდილ მარიამიძის ალტერნატიული მისამართი ან/და სხვა სარჩელის ფორმით გათვალისწინებული დამატებითი მონაცემები ჩვენთვის უცნობია. მოპასუხე ნონა წიწილაშვილის ალტერნატიულ მისამართად კი შეგვიძლია მივუთითოდ: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი აფენი. სხვა დამატებითი მონაცემები ნონა წიწილაშვილზე ასევე უცნობია ჩვენთვის.
III. სარჩელის ფასი და სახელმწიფო ბაჟი
ჩვენს მიერ სარჩელის ფასი მიკუთვნებით ნაწილში განისაზღვრა სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული 16 500 აშშ დოლარიდან, რას დღეის მდგომარეობით საბანკო-საბაზრო სავალუტო კურსით( 1 აშშ დოლარი გაყიდვისას ტოლია 1.7540 ლარის, იხ. ,,ბანკი რესპუბლიკა“-ის მონაცემები მისამართზე https://www.republic.ge/), რაც წარმოადგენს 28 941 ლარს, რისი 3% პროცენტიც შეადგენს 868, ლარსა და 23 თეთრს. ამითომ, სახელმწიფო ბაჟის ვიხდით აღნიშნულ თანხას, რისი გადარიცხვის საბანკო ქვითრის დედანსაც ვურთავთ ამ განცხადებას.
დანართი: სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (1ფ).

წარმომადგენელი რევაზ რიჟამაძე

02/11/2010

0 კომენტარი:

Post a Comment