თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას
მსჯავრდებულ გულადი კოპალიანის დამცველის, ადვოკატ რევაზ რიჟამაძის
საქმე#1/5620-07
სააპელაციო საჩივარი
თბილისის საქალაქო სასამართთლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივნისის განაჩენზე(მოსამართლე მ. ხარებავა)
სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, იგი არ ეყრდნობა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ამიტომ უნდა გაუქმდეს, ხოლო დადგენილი მსჯავრის ფარგლებში გულადი კოპალიანის მიმართ გამოვიდეს გამამართლებელი განაჩენი.
კერძოდ,
როგორც დაზარალებულ გაგა კოპალიანის, ისე მოწმეების ი. მარიხაშვილის, ზ. მიხაილოვისა და თ. ზარქუას ჩვენებებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულს ფეხზე ურთიერთქმედებისას მიაყენა რაიმე სახის დაზიანება. არც საქმეში დადგენილი რაიმე გარემოება და დეტალი მიანიშნებს, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულის მხოლოდ განზრახ მკვლელობა ჰქონდა ჩაფიქრებული. სასამართლომ ვერ უარყო და დაასაბუთა, თუ რა გარემოებებზე დაფუძნებით არ იზიარებს დაცვის შუამდგომლობებსა და განმარტებებში განვითარებულ მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ გულადი კოპალიანს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არც შეიძლება ჰქონოდა გაგა კოპალიანის მოკვლის განზრახვა. ამასთან, სასამართლოს გამამატყუნებელი განაჩენი დაფუძნებულია დაუშვებელ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე. სახელდობრ,
1. დაზარალებულ გაგა კოპალიანის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის გ) და დ) ქვეპუნქტების შესაბამისად დაუშვებლად მიიჩნევა მტკიცებულება თუ იგი მიღებულია კანონით დადგენილი წესის დარღვევით , აგრეთვე პირისაგან, რომელმაც დაარღვია კანონი ან რომელსაც არ შეუძლია მიუთითოს, რა წყაროდან, სად, როდის და როგორ გამოვლინდა მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები. ხოლო ამავე კოდექსის 371-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი. ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს რა გამოკვლევა ჩაატარა და რა მეთოდები გამოიყენა, საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი, დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე,
ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული თუ რა მეთოდები გამოიყენა ექსპერტმა , საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი, არ არის დასაბუთებული პასუხები გამომძიებლის მიერ დადგენილებაში დასმულ კითხვებზე.უფრო მეტიც, დასკვნას საერთოდ არ გააჩნია დასაბუთებითი ნაწილი, გაურკვეველია რა ნორმატიული აქტი ან წესები გამოიყენა ექსპერტმა სახელმძღვანელოდ. ამასთან, არ არის განსაზღვრული დაზიანების ხანდაზმულობა.
ექსპერტიზის ჩატარებისას დარღვეულია ასევე სსსკ-ის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი საპროცესო წესი, საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს არ გაუცია განკარგულება , თუ დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებდა ექსპერტიზას, რაც ასევე არ უცნობებია ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის.
2. გამომძიებლის დადგენილება დაზარალებულიდან ნიმუშის სახით სისხლის აღების შესახებ(ს.ფ. 37).
კერძოდ:
არ დაკითხულა დაზარალებული ნიმუშთან დაკავშირებულ გარემოებათა გამო.
ნიმუშის აღების შესახებ გამომძიებლის დადგენილებაში, რომელშიც აღნიშნული არ არის ნიმუშის ამღები
პირი, როდის და ვისთან უნდა მივიდეს პირი ნიმუშების ასაღებად, როდის
და ვის უნდა გადაეცეს ნიმუშები მათი აღების შემდეგ.
გამომძიებელს და/ან პროკურორს არ გამოუტანია დადგენილება სისხლის
სამართლის საქმისათვის ნივთიერ მტკიცებულებად ნიმუშის დართვის შესახებ და დადგენილება
და ნიმუშის აღების ოქმი ისე გადაეგზავნა ბიოლოგიურ ექსპერტიზას, რომ ნიმუში ნივთმტკიცებად არ ცნობილა და არ დართვია სისხლის სამართლის საქმეს. ნიშანდობლივია, რომ დაზარალებულის სისხლის ნუმუში წინასწარი გამოძიების არც შემდგომ ეტაპზე ყოფილა ცნობილი ნივთმტკიცებად და რა დართვია სისხლის სამართლის საქმეს. ამასთან, გამომძიებელს ანდა პროკურორს ექიმისათვის ან სხვა სპეციალისტისათვის არ წარუდგენია დადგენილება ნიმუშის აღების შესახებ.
დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ამ საგამოძიებო მოქმედების ყველა
მონაწილის უფლება-მოვალეობები. დაზარალებულისათვის წინასწარ უცნობი იყო ექიმის, სხვა სპეციალისტის ვინაობა და შესაბამისად მოესპი მისი აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების უფლება.
3. დაზარალებულისათვის სისხლის ნუმუშის აღების ოქმი(ს.ფ.38)
ნიმუშის აღების ოქმში არ არის აღწერილი ნუმუში, მის ასაღებად განხორციელებული ყველა მოქმედებას, აგრეთვე გამოყენებული საშუალებები იმ თანამიმდევრობით, როგორითაც სრულდებოდა ეს მოქმედებები.
4. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ.87).
კერძოდ:
საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს არ გაუცია განკარგულება იმის თაობაზე, თუ საექსპერტო
დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებდა ექსპერტიზას, რაც არ უცნობებია
ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის. არ განუსაზღვრავს ექსპერტიზის დამთავრების ვადები.
ექსპერტიზის დასკვნაში არასრულადაა აღნიშნული მის მიერ გამოყენებული მეთოდები, საერთოდ არ არის მითითებული ნორმატიული აქტები, სახელმძღვანელოები, საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი , არ არის გაცემული დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე.
5. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ. 94).
კერძოდ:
საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს არ გაუცია განკარგულება იმის თაობაზე, თუ საექსპერტო
დაწესებულების თანამშრომელთაგან რომელი ჩაატარებდა ექსპერტიზას, რაც არ უცნობებია
ექსპერტიზის დამნიშვნელი პირისათვის. არ განუსაზღვრავს ექსპერტიზის დამთავრების ვადები.
ექსპერტიზის დასკვნაში არ არის აღნიშნული მის მიერ გამოყენებული მეთოდები, ნორმატიული აქტები და სახელმძღვანელო ლიტერატურა, შესაბამისად, არ არის გაკეთებული დასკვნები საკმარისად საიმედოა თუ არა ისინი, არ არის გაცემული დასაბუთებული პასუხები დასმულ კითხვებზე.
ამასთან, უარყოფილი არ არის ვარაუდი დაზარალებულის მაისურის გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ.
სსსკ-ის 363-ე მუხლის მიხედვით, კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილე ყველა სპეციალისტი გამოკვლევას ატარებს დამოუკიდებლად. საქმეზე ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა 2007 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი დასკვნას გამომძიებელს უგზავნის ერთი დღით ადრე _ 2007 წლის 18 ოქტომბერს # 8/13/3_13946 წერილით, ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა 2007 წლის 15 ოქტომბერს. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გამომძიებლისათვის გაგზავნის წერილში მითითებულია, რომ დაზარალებულის ტანსაცმელი გადაეგზავნა ტრასოლოლოგიურ ექსპერტიზას. ამდენად გაუგებარია ის გარემოება, რომ თუკი ტრასოლოგიური ექსპერტიზა ჯერ კიდევ 15 ოქტომბერს ჩატარდა 18 ოქტომბრისათვის რატომღა ეგზავნებათ ტრასოლოგებს გ. კოპალიანის ტანსაცმელი, ანდა 18 ოქტომბერს რომელი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას უგზავნის საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი გამომძიებელს, როცა მოცემულ საქმეზე ბიოლოგიური ექსპერტიზა მომდევნო დღეს _ 2007 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ როგორც ექსპერტმა-ტრასოლოგებმა გ. ლეფსვერიძემ და ლ. სულამანიძემ სასამართლოს უჩვენეს მათ და ბიოლოგებმა დაზარალებულის ტანსაცმლის ფუთის ლუქის მთლიანობა დაარღვიეს ერთობლივად, თუმცა რატომღაც საექსპერტო დასკვნებში სხვადასხვა დროები არის დაფიქსირებიული. აქვე, დასკვნებში არაფერია ნათქვამი ნივთმტკიცების კომპლექსურად დათვალიერების თაობაზე. თუ ყურადღებას მივაქცევთ იმ გარემოებასაც, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ დაზარალებულის ტანსაცმლის ფუთის ლუქზე მხოლოდ პოლიციის მე-5 განყოფილების ბეჭედის ანაბეჭდი შეინიშნებოდა, ხოლო ბიოლოგებმა მიერ ამავე ფუთის გახსნისას დამატებით ბეჭედთან ერთი გაურკვეველი ხელმოწერაც დააფიქსირეს, ცხადი ხდება, რომ რაღაცეები თავის ადგილზე ვერ არი. ანგარიშგასაწევია ასევე ის ფაქტი, რომ დაზარალებულის იგივე ტანსაცმლის ამოღებისას ჩატარებული დათვალიერებისას მაისურს რაიმე მექანიკური დაზიანების კვალი არ აღმოაჩნდა. ამავე კვალის არსებობაზე არაფერს ამბობს ექსპერტი-ბიოლოგი და მოულოდნელად მექანიკური დაზიანების კვალს ადგენენ ექსპერტი-ტრასოლოგები.
6. დადგენილება დაზარალებულის ტანსაცმლის ნივთმტკიცებად ცნობისა და საქმეზე დართვის შესახებ(ს.ფ.110).
საქართველოს სსსკ-ის მუხლი 121ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე
დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და
აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ
არის, – გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება
ოქმში.აგრეთვე, მტკიცებულების მნიშვნელობის მქონე ცნობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის პროცესში, თუ ის საპროცესო წესით არის დამაგრებული, ესე იგი შეტანილია საგამოძიებო მოქმედების ან სასამართლო განხილვის ოქმში, რომელიც შედგენილია ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. ნივთიერი მტკიცებულება უნდა აღიწეროს ოქმში და დაერთოს საქმეს სპეციალური განჩინებით (დადგენილებით). აქედან გამომდინარე, იმისათვის რომ გამომძიებელმა რაიმე საგანი სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენოს _ დანიშნოს ექსპერტიზა, მიიღოს ექსპერტის დასკვნები ამ საგანზე, ჯერ საჭიროა ამ საგნის საპროცესო წესით დამაგრება და დართვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოცემულ შემთხვევაში გვაქვს მდგომარეობა, როცა დაზარალებულის ტანსაცმელი არ ცნობილა ნივთმტკიცებად, შესაბამისად არ დართულა სისხლის სამართლის საქმეზე და მიუხედავად აღნიშნულისა იგი გაიგზავნა საექსპერტო გამოკვლევებისათვის, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კანონის უხეში დარღვევაა.
საქართველოს სსსკ-ის მე-7 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
ამავე კოდექსის 121-ე და 122-ე მუხლების თანახმად,
საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი
ორგანოს დადგენილებით. ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე
დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და
აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ
არის, – გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება
ექსპერტიზისათვის გასაგზავნი საგნები უნდა იყოს დალუქული, რაც
დადასტურებული უნდა იქნეს გამომძიებლისა და ამ კოდექსის 121-ე მუხლის 41
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსწრის ხელმოწერით. ამასთან, ნივთიერი მტკიცებულება დაუშვებლად ითვლება, თუ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ.ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით უარყოფილი არ არის ჩვენი ვარაუდი დაზარალებულის მაისურზე მექანიკური დაზიანების კვალთა გამოცვლისა და მისი თვისებების არსებითი შეცვლის თაობაზე.
სასამართლოს მხრიდან არ მოჰყოლია შეფასება იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს ჩხუბის დროს მაისური არ ცმია და შესაბამისად ამ მაისურზე მექანიკური დაზიანების კვალი არ შეიძლება გახდეს ინკრიმინირების ერთ-ერთი მტკიცებულება. უფრო მეტიც, საქმის გარემოებებს შორის ამგვარი წინააღმდეგობა თავისთავად აჩენს ეჭვს წინასწარი გამოძიების მიერ მოპოვებულ სხვა მტკიცებულებათა სარწმუნოობაში.
ამასთან, ვუერთდებით და ვიზიარებთ საქალაქო სასამართლოზე დაცვის მხარის მიერ ჩამოყალიბებულ ყველა მოსაზრებას, განმარტებას, განცხადებასა და შუამდგომლობას. შესაბამისად ვასაჩივრებთ, საქალაქო სასამართლოს ყველა იმ განჩინებასა და დადგენილებას, რომელთაც არ ჰქონია შემაჯამებელი ხასიათი და რითაც არ დაკმაყოფილდა დაცვის შუამდგომლობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 524 მუხლისა,
გთხოვთ
გააუქმოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლი საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ივნისის განაჩენი გულადი კოპალიანის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლის მსჯავრდების ნაწილში და მის მიმართ გამოიტანოთ გამამართლებელი განაჩენი.
ადვოკატი რევაზ რიჟამაძე
ვ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ი :
მსჯავრდებული გულადი კოპალიანი
0 კომენტარი:
Post a Comment